სერბეთის პარლამენტში, მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო.
საკანონმდებლო ორგანოში შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველ პარტიას ქალაქ ნოვი–სადის რკინიგზის სადგურის შენობის სახურავის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვეს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა დარბაზში გამოფინეს ბანერი წითლად შეღებილი ხელის გამოსახულებით, რომელზეც ეწერა “თქვენი ხელები სისხლშია გასვრილი“.
მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა კი საპასუხოდ საკუთარი ბანერი გამოფინეს, სადაც ეწერა, რომ ოპონენტებს ომი უნდათ.
ჩხუბი მაშინ დაიწყო, როცა დეპუტატებმა ერთმანეთისთვის ბანერების წართმევა სცადეს.
მოგვიანებით, კი პარლამენტის სპიკერმა ოპოზიცია დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
“ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ახლა დანებების დრო არაა. არცერთი ჩვენგანი არ დაუშვებს, რომ ასეთმა ხალხმა სერბეთში დესტაბილიზაცია მოახდინონ.
ჩვენმა ერმა ძალიან ბევრი ინვესტიცია ჩადო, ჩვენ იმდენი რამ გავაკეთეთ სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ხელმძღვანელობით, რომ არ დავთმოთ. ჩვენ ყველგან სამართლიანობას დავუჭერთ მხარს და დავიცავთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას“, – სერბეთის პარლამენტის სპიკერი ანა ბრნაბიჩი.
სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები და პოლიტიკური კრიზისია მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა.
ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ სახურავის ჩამონგრევა შედეგია იმ ნეპოტისტური და კორუფციული გარიგებებისა, რომლებსაც პოპულისი ვუჩიჩის ხელისუფლება ჩინურ კომპანიებთან აფორმებს.
პროტესტის ფონზე გადადგა ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის მინისტრები, თუმცა ოპოზიცია და მოქალაქეები ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავებასა და გასამართლებას ითხოვენ.