მთავარიმსოფლიოევროპა„ევროპა ცეცხლის რკალში” - ჯოზეფ ბორელის წერილი

„ევროპა ცეცხლის რკალში” – ჯოზეფ ბორელის წერილი

„ევროკავშირი არ შექმნილა როგორც თავდაცვითი ალიანსი, მაგრამ მას შეუძლია და უნდა გახდეს გლობალური უსაფრთხოების პარტნიორი“, – საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ეს სიტყვები ნათქვამია მისსავე ვრცელ წერილში, სადაც კომისარი განვლილი წლის გამოწვევებზე საუბრობს. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში, საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში, მზარდი ესკალაცია აზიასა და პოლიტიკური დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმდინარე მოვლენებისა, რომელსაც ჯოზეფ ბორელი ევროპის უსაფრთხოების ძირითად საფრთხეებად აფასებს.

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი მიიჩნევს, რომ გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია, აქტიური საომარი მოქმედებები კი ევროპის კარსაა მომდგარი.

ჯოზეფ ბორელის შეფასებით, დღევანდელი ვითარება წლების წინ რუსეთის მზარდი აგრესიისთვის დასავლეთის მხრიდან შედარებითი პასიური პოლიტიკის დაპირისპირების გამოძახილია. ევროპელი დიპლომატი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას „ევროპის გამოფხიზლებას“ უწოდებს, თუმცა დასძენს, რომ ზოგიერთისთვის ეს სიტუაციის რაციონალურად შესაფასებლად საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.

ჯოზეფ ბორელის შეფასებით, თუ ომში პუტინი გაიმარჯვებს, კრემლი დაუბრკოლებლად განაგრძობს იმპერიალისტურ პოლიტიკას სხვა მეზობელი სახელმწიფოების მიმართაც. მისივე თქმით, მსგავსი მაგალითები ისტორიას საქართველოსა და მოლდოვის სახით უკვე ახსოვს, ამიტომ კიევის დაცემა არამხოლოდ ევროპის, არამედ გლობალური მშვიდობის წესრიგს შეუქმნის საფრთხეს.

ჯოზეფ ბორელი წარმატებად მიიჩნევს უკრაინისთვის ბოლო, თითქმის 3 წლის განმავლობაში გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე პარტნიორების ერთსულოვნებას, თუმცა ამავდროულად ერთ-ერთ მთავარ პრობლემად შეიარაღების საკითხთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. მისივე განმარტებით, ახლა დასავლელი ლიდერების კონსოლიდაციაა აუცილებელი. ამჟამად მიმდინარე პროცესები კი, ხელს უშლის დონეცკის მიმართულებაზე რუსული ძალების შეტევის მოგერიებასა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, მითუმეტეს კრემლის მიერ ათასობით ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის დაქირავების ფონზე.

ომის საფრთხეებზე საუბრისას, ჯოზეფ ბორელი თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების ფონზე, ვაშინგტონის პოლიტიკასაც ეხმაურება. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ამბობს, რომ ევრობლოკმა საკუთარ უსაფრთხოებაზე დამოუკიდებლად უნდა იზრუნოს და ის ვეღარ იქნება დამოკიდებული ამერიკელი ამომრჩევლის ყოველ ოთხ წელიწადში ცვალებად არჩევანზე.

ჯოზეფ ბორელი პარტნიორებს გამოსავლის გზებსაც სთავაზობს – გაერთიანებასა და თავდაცვის სფეროს გაძლიერებას. ერთ-ერთ მაგალითად კი, ასახელებს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის, ანგარიშს, რომლის თანახმადაც, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ევროპელმა ლიდერებმა თავდაცვის სტრატეგიის განვითარებისთვის 500 მილიარდი ევრო უნდა დახარჯონ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, საბიუჯეტო სახსრების თავდაცვის მიმართულებაზე მიმართვის მნიშვნელობაზე NATO-შიც საუბრობენ. გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რამდენს დახარჯავენ სახელმწიფოები შეიარაღებაზე, არამედ იმას, თუ – როგორ?

ევროპულ კონტინენტზე გეოპოლიტიკური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების კიდევ ერთ მიზეზად ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი კონფლიქტების დამატებითი კერების გაჩენას მიიჩნევს. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად კი ახლო აღმოსავლეთში, ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ომს ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი რეგიონში არაერთი ათწლეულია მიმდინარეობს, მისი მორიგი, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ეტაპი 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო. ბორელის თქმით, ევროპას შეუძლია, უდიდესი წვლილი გაიღოს ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების გზაზე. ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი, თავისი მანდატის ფარგლებში, ღაზის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ახლაც მონაწილეობს – სხვადასხვა ჰუმანიტარული მისიის გამოყენებით და ორივე მხარის შუამდგომლობით. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული ქვეყნების ნაწილი შეიარაღების კუთხით მხარს ისრაელს ღიად უჭერს, ჯოზეფ ბორელი ახლო აღმოსავლეთის საკითხის მოგვარების ერთ-ერთ მთავარ წინაღობად სწორედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის გარკვეულ საკითხებზე უთანხმოებას ასახელებს. მისივე თქმით, კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია იმ მხრივაც, რომ ევროკავშირმა საზღვრების სიახლოვეს, თავიდან აიცილოს მიგრანტთა ახალი ტალღა.

უმაღლესი კომისარი ასევე საუბრობს გავრცელებულ ნარატივზე, რომლის მიხედვითაც, თითქოს ევროკავშირი ერთმანეთისგან განარჩევს უკრაინაში რუსეთის ომსა და ახლო აღმოსავლეთის ომს და, ღაზის შემთხვევაში ე.წ. „ორმაგ სტანდარტს“ მიმართავს. ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ასეთი ნარატივი რუსული პროპაგანდის ნაწილია და მისი მიზანია, ყალბი სურათის შექმნა, თითქოს ევროპული სახელმწიფოები ომში მყოფ უკრაინელ და პალესტინელ ბავშვებს ერთმანეთისგან განასხვავებენ. ევროკავშირში ასევე მიაჩნიათ, რომ მსგავსი აღქმების შექმნა საფუძველს უდებს ახალი ალიანსის შექმნას საერთო მიზნით – „ყველა დასავლეთის წინააღმდეგ“, რომლის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად ჯოზეფ ბორელი რუსეთის ქალაქ ყაზანში, ოქტომბერში გამართულ „ბრიქსის“ სამიტს ასახელებს.

ეკონომიკურ-პოლიტიკური ალიანსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის სახელმწიფოებს შორის მშვიდობისა და სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად ჩამოყალიბდა. ევროკავშირი საბოლოოდ „მაასტრიხტის შეთანხმების“ ხელმოწერის საფუძველზე, 1993 წლის 1-ელ ნოემბერს ჩამოყალიბდა და დღეს 12 ვარსკვლავიანი დროშის ქვეშ 27 ქვეყნის 450 მილიონამდე მოქალაქეს აერთიანებს. სხვადასხვა პოლიტიკის გატარებით ევროპელი ლიდერები ცდილობენ, დაიცვან როგორც ალიანსში შემავალი, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოება. ევროკავშირის ლიდერებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ევრობლოკიც და მთლიანად ევროპული კონტინენტიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას. „ცეცხლოვან რკალში“ ევროპის მოქცევას კი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წლის შემაჯამებელი წერილიც ადასტურებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend