მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპის კაბინეტის წევრების გარშემო საუბრები გრძელდება

დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრების გარშემო საუბრები გრძელდება

დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრობის კანდიდატთა გარშემო საუბარი არ წყდება. საკადრო არჩევანი პირდაპირ ასახავს მის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ პოზიციას, აგრეთვე, დამოკიდებულებას უკანონო მიგრაციის, ვაჭრობისა თუ სამხედრო საკითხებისადმი. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ტრამპი მოულოდნელად იღებს გადაწყვეტილებებს და ეს მისი მთავარი მახასიათებელია. ის ხშირად ურთიერთგამომრიცხავ დაპირებებს იძლევა და ამომრჩეველი ამაში კიდევ ერთხელ კანდიდატების წარდგენისას დარწმუნდა.

დონალდ ტრამპმა თავისი კაბინეტის წევრობის კანდიდატები იმაზე უფრო მალე წარადგინა, ვიდრე პირველი ვადის დროს. კანდიდატებს შორის არიან დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრები, ტელეწამყვანები და ტრადიციული რესპუბლიკელები, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იბრძოლებს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ და აგრეთვე, გაზრდის ტარიფს იმპორტირებულ საქონელზე.

ტრადიციულ რესპუბლიკელებს შორის გამოირჩევა მარკო რუბიო, რომელიც ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა. სახელმწიფო, თავდაცვისა და ხაზინის მდივანსა და გენერალურ პროკურორს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრიათ. საგარეო პოლიტიკის „ქორი“ მარკო რუბიო ავტორიტარული რეჟიმების მთავარი მოწინააღმდეგეა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობაში ტრამპის ადმინისტრაციისგან დათმობას არ უნდა ველოდოთ.

ჯანდაცვის მინისტრად ტრამპმა რობერტ კენედი წარადგინა. კენედი აბორტის უფლების მომხრეა, ეს კი იმის ფონზე, როდესაც ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის მხარდამჭერები ტრამპს ჯანდაცვის ინსტიტუტებში აბორტის საწინააღმდეგო იდეის გავრცელებისკენ მოუწოდებდნენ. იქამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს აბორტის საწინააღმდეგო მოძრაობას.

ყველასგან მოულოდნელად შაბათს, 23 ნოემბერს, დონალდ ტრამპმა ხაზინის მდივნად სკოტ ბესენტის კანდიდატურა წარადგინა. სკოტ ბესენტი 62 წლის ეკონომისტია, რომელიც მამაკაცზეა დაქორწინებული. მათ ჰყავთ ორი შვილი. წარსულში იგი მუშაობდა ჯორჯ სოროსთან და დემოკრატიულ პარტიას თანხას სწირავდა. ახლა ის ტრამპის დიდი მხარდამჭერია. იმ შემთხვევაში, თუ სენატი მას თანამდებობაზე დაამტკიცებს, სკოტ ბესენტი იქნება ხაზინის პირველი გეი მდივანი და პიტ ბუტიჯიჩის შემდეგ კაბინეტის მეორე გეი წევრი. ტრამპის თქმით, ბესენტი მას აშშ-ის ოქროს ხანის შექმნაში დაეხმარება. იქამდე დონალდ ტრამპმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ სკოლებში ლგბტ თემასთან დაკავშირებით ყველაფერს აკრძალავდა, მათ შორის დროშებს, წიგნებსა და სხვა.

ეროვნული დაზვერვის დირექტორად ტრამპმა ტულსი გაბარდი დაასახელა. ტულსი გაბარდს ხშირად ედება ბრალი პუტინის მხარდაჭერაში. ამერიკელი დიპლომატები ამბობენ, რომ ის რუსეთის მთავარი დამცველია. ეს კი იმის ფონზე, როდესაც სახელმწიფო მდივნად მარკო რუბიოა დასახელებული. ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, თუ როგორი იქნება დონალდ ტრამპის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა. ექსპერტებისთვის ბევრი რამ რჩება გაურკვეველი და ცალსახა პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend