ცესკომ პარტიული სიებით წარდგენილი კანდიდატების ნაწილს რეგისტრაცია გაუუქმა – ამის შესახებ განცხადება უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ეხება პარტიულ სიებში შემავალ იმ პირებს, რომლებიც მე-11 მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდნენ. იმ პირებმა კი, რომელთა უფლებამოსილებაც 25 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ცნო, თავად უნდა მიმართონ საკანონმდებლო ორგანოს მანდატების გასაუქმებლად.
იმ ოპოზიციონერმა ლიდერებმა, რომლებმაც 26 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ცესკოს მიერ არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყეს მსჯელობა პარტიულის სიების გაუქმების შესახებ.
„უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით. ცესკო არ იზიარებს პოლიტიკური პარტიების მიერ სიების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოგზავნილ წერილებში გამოთქმულ პოლიტიკური ხასიათის და უსაფუძვლო შეფასებებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აღნიშნული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესახებ“, – ნათქვამი უწყების მიერ გავრცელებულ წერილში.
საარჩევნო ადმინისტრაციისგან სიების გაუქმება მოითხოვეს, კოალიციამ „ცვლილებისთვის“, „ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძლიერმა საქართველომ“. რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას – მათ ცესკოსთვის ოფიციალურად ჯერ არ მოუმართავთ.