ლიეტუვაში, ვილნიუსის აეროპორტში დაშვებისას, გერმანული ლოგისტიკური კომპანია DHL-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა. სატვირთო თვითმფრინავი, ორსართულიან სახლს დაეცა. დაღუპულია ეკიპაჟის ერთი წევრი.
Boeing 737-ი ვილნიუსის მიმართულებით გერმანიის ქალაქ ლაიფციგიდან მიფრინავდა. როგორც ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან რამდენიმე კილომეტრში ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფას გადაურჩა ბორტზე მყოფი სამი ადამიანი, მათ შორის პილოტიც და საცხოვრებელ შენობაში მყოფი 12 პირი.
გამოძიება დაწყებულია. ადგილობრივი პოლიციის უფროსის თქმით, ავიაკატასტროფა დიდი ალბათობით ტექნიკური გაუმართაობის ან ადამიანური შეცდომის გამო მოხდა. თუმცა, როგორც ლიეტუვის სადაზვერვო სამსახურის უფროსი აცხადებს, არ გამორიცხავენ ტერორიზმის ვერსიას და რომ შემთხვევა შესაძლოა რუსეთს უკავშირდებოდეს.
,,ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ ტერორიზმის ვერსია. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, ოპერატიული სამსახურების დეპარტამენტთან ერთად გვაფრთხილებს, რომ მსგავსი შემთხვევები სამომავლოდ მოსალოდნელია. ვხედავთ, რომ რუსეთი უფრო აგრესიული ხდება. ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც საბოტაჟის შემთხვევებსა და ტერორიზმის საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. შესაბამისად, ამ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ“, – აცხადებს დარიუს იაუნიშკისი, ლიეტუვის სადაზვერვო სამსახურის უფროსი.
მსგავსი გზავნილი ჰქონდა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრ ლაურინას კაშიუნასსაც.
,,გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობდა გარე ფაქტორები, რომელსაც თვითმფრინავის დაზიანება შეეძლოთ. ამას ნათლად ვხედავთ. თუმცა, იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა თვითმფრინავში, საჭიროა ეკიპაჟის გადარჩენილ წევრებთან გასაუბრება. რა თქმა მნიშვნელოვანია შავი ყუთიც. ამას დრო დასჭირდება“, – განმარტავს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, ლაურინას კაშიუნასი.
ავიაკატასტროფაში რუსეთის ჩართულობის შესაძლებლობაზე ისაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმაც. მისი თქმით, შემთხვევა ცხადყოფს თუ რამდენად არასტაბილურ პერიოდში იმყოფება ევროპა და რომ ლიეტუველები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, იყო თუ არა ეს ნამდვილად უბედური შემთხვევა.
,,ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან და დაშავებულებთანაა. თანავუგრძნობთ მათ და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ახლა ჩვენ და ჩვენმა ლიეტუველმა პარტნიორებმა სერიოზულად უნდა ვკითხოთ საკუთარ თავებს: იყო თუ არა ეს უბედური შემთხვევა? თუ მორიგი ჰიბრიდული ინციდენტი? ეს ყველაფერი გვიჩვენებს, თუ რამდენად არასტაბილურ დროში ვცხოვრობთ, ევროპის შუაგულში“, – აცხადებს ანალენა ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ლიეტუველი ოფიციალური პირები ხაზგასმით აცხადებენ, რომ გამოძიება რუსეთის ნებისმიერი ფორმით ჩართულობის შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა ამ ეტაპზე ავიაკატასტროფაში კრემლის როლის არსებობის არანაირი მტკიცებულება არ იკვეთება.
დასავლეთის სახელმწიფოები სულ უფრო შიშობენ, რომ რუსული დაზვერვა უკრაინის მხარდაჭერის საპასუხოდ მათ წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებს.
ივლისში, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში ორ მოწყობილობას გაუჩნდა ცეცხლი სატვირთო თვითმფრინავებით გადაზიდვისას. ხოლო, 19 ნოემბერს შვედეთის პროკურატურამ ბალტიის ზღვაში ორი კაბელის დაზიანებასთან დაკავშირებით, დივერსიის ეჭვის გამო, წინასწარი გამოძიება დაიწყო.