წინასაშობაო ბაზრობები ევროპაში, გრანდიოზული გამოფენა ლუვრის მუზეუმში ხელოვნების ესთეტიკაზე, მოდის ისტორია, „ბოროტი“ კუდიანები და ფოლკლორული როკის მამის დაბრუნება – ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილია იმ კულტურული სიახლეებისა, რომლებსაც ევროპელები ამ კვირაში გვთავაზობენ.
სადაცაა დეკემბერი დადგება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში სულ უფრო მოიმატებს საზეიმო განწყობა. ბერლინში ამ განწყობამ გაბრდღვიალებული საშობაო ნაძვის ხის სახე მიიღო, რომელსაც დაემატა განათებებით შექმნილი ინსტალაციების გამოფენა Dark Matter Winterlights 24.
თუ მაინც ფიქრის გუნებაზე ხარ, მაშინ გირჩევნია, პარიზში ლუვრის მუზეუმს ეწვიო, რომელშიც ახლახან გაიხსნა გრანდიოზული გამოფენა, რომლის მთავარი თემაც ხელოვნებისა და ისტორიის ესთეტიკური ხედვაა. შეგიძლია მილანში იაპონელი ილუსტრატორის იოსიტაკა ამანოს ევროპული რეტროსპექტივა დაათვალიერო.
მართალია, ჰელოუინი კარგა ხანია დასრულდა, მაგრამ კუდიანების თემა ისევ აქტუალურია, რადგან დიდ ეკრანებზე გამოვიდა ჰოლივუდის ახალი ფილმი „ბოროტი“, რომელიც ბროდვეის იმავე სახელწოდების მუსიკალური სპექტაკლის ეკრანიზაციაა.
თუ ცოცხზე გადამჯდარი კუდიანების ყურება არ გიზიდავს, Disney+-ზე უკვე გადის სტუდია Marvel-ის სუპერგმირების კიდევ ერთი ფილმი „დედპული და ვულვერინი“ (Deadpool & Wolverine).
თუ არცერთი მათგანი არ გხიბლავს, ყოველთვის შეგიძლია მყუდროდ მოკალათდე და მომღერალ შერის ახლადგამოსული მემუარების (Cher: The Memoir, Part One) პირველი ნაწილი წაიკითხო.
მე-19 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე მოდების ჩვენება კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
მოდა სარკესავით ირეკლავს ადამიანის ცხოვრებას, მის ფასეულობებსა და მისწრაფებებს მთელი ისტორიის მანძილზე და სწორედ ამ ისტორიას წარმოაჩენს ლონდონში კლუბ Lightbox-ში მიმდინარე გამოფენა, სახელწოდებით „ვოგი: როგორ იქმნებოდა პოდიუმი“. ეს გამოფენა, რომელიც ჟურნალ „ვოგის“ არქივში შემონახულ კადრებსა და ფოტოებს წარმოაჩენს, 2025 წლის 26 აპრილამდე გაგრძელდება.
Apple TV+-ზე გადის ავღანელი კინორეჟისორის საჰრა მანის დოკუმენტური ფილმი „პური და ვარდები“ (‘Bread & Roses’), რომლის პრემიერაც გასულ წელს კანის კინოფესტივალზე შედგა.
ეს ფილმი გვაჩვენებს, თუ როგორ ილახება ქალთა უფლებები და რამდენად გაუსაძლისი გახდა ქალების მდგომარეობა 2021 წელს ქვეყნის სათავეში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ. ფილმის სიუჟეტი ძირითადად ვითარდება სამი ქალის ირგვლივ, რომლებიც საკუთარი უფლებების დაბრუნებისთვის იბრძვიან.
23-24 ნოემბერს უელსის ქალაქ აბერისტუითში Aberystwyth ჩატარდა საშინელებათა ჟანრის ფილმების ტრადიციული ფესტივალი ‘Abertoir Film Festival’, რომელსაც 2006 წლიდან მასპინძლობს უელსი. ვისაც გამორჩა ეს ღონისძიება, მათთვის ვურთავათ ლინკს, რომელზეც გაეცნობით ფესტივალის გამორჩეულ ფილმებს, ასევე საუკეთესო მხატვრული ფილმისა და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიის გამარჯვებულებს. (https://abertoir2024.eventive.org/films)
სატელევიზიო ეკრანზე დაბრუნდა 25 წლის წინ პოპულარული, მოზარდებისთვის განკუთვნილი დრამის – ფილმ „სახიფათო თამაშების“ განახლებული ეკრანიზაცია. ეს გახლავთ მუსიკალური სატელევიზიო სერიალი, რომლის მთავარი გმირებიც ისევ მაღალი წრის ოჯახიშვილები არიან.
რაც შეეხება მუსიკის სამყაროს, მამა ჯონ მისტი დაბრუნდა ალბომით ‘Mahashmashana’. მომრერალმა ალბომის სახელწოდება ძველი სანსკრიტის ენიდან აიღო და ითარგმნება, როგორც „კრემაციის დიდი მიწა.“
როგორც სახელწოდება მიანიშნებს, ეს ალბომი ეძღვნება გარკვეული განცდების დასამარებას – ძველ შეხედულებებთან, ძველ ოცნებებთან და სურვილებთან დამშვიდობებას. თუმცა ჯონ მისტი უმღერის ასევე იმ თავისუფალ ნებას, რომლის ძალითაც უარი თქვა ძველ განცდებზე.
გამოვიდა ასევე მაიკლ კივანუკას მეოთხე ალბომი, სახელწოდებით „მცირე ცვლილებები“ (‘Small Changes’), რომელიც ეხება ადამიანის ყოველდღიური ყოფის, ერთი შეხედვით, წვრილმან, მაგრამ მრავლისმთქმელ დეტალებს, როგორებიცაა გახუხული პურის გემო, ცხელი სასმლით სავსე ფინჯნით მოგვრილი სიამოვნება და.ა.შ. ასეთ წუთებში ცხოვრება თითქოს აზრს იძენს, შეიძლება არც იძენს, მაგრამ ეს ყველაფერი სიმშვიდეს გგვრის.
ავტორი: ამბერ ლუისა ბრაისი