გუშინ, 24 ნოემბერს რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა.
ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნის პრეზიდენტობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის, თუმცა მთავარი მეტოქეები ულტრამემარჯვენე ჯორჯე სიმიონი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი, მარჩელ ჩოლაკუ იქნებიან. ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანდიდატად მემარჯვენე პოპულისტი, დამოუკიდებელი კელინ ჯორჯესკუც განიხილება.
ხმის მიცემის პროცესი დილის 07:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდა. რუმინეთის პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
ჯორჯე სიმიონის პარტია „რუმინელთა ერთობა“ რადიკალი მემარჯვენეებისგანაა დაკომპლექტებული, ხოლო მარჩელ ჩოლაკუს მხარს უჭერს რუმინეთის ყველაზე დიდი, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“. ორივე კანდიდატმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.
„ხმა მივეცი ეკონომიკურად ძლიერ რუმინეთს, რომელიც მსოფლიოს თავის ძლიერ ხმას გააგონებს. აქ რუმინელები ღირსეულად იცხოვრებენ, პრეზიდენტი კი მათთვის იმუშავებს“, – ამბობს მარჩელ ჩოლაკუ.
„მე უბრალოდ მინდა ვთხოვო რუმინელებს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ სასურველ კანდიდატს. ვთხოვ ახალგაზრდებს, გააკეთონ თავიანთი არჩევანი, რადგან რუმინეთი და მისი მომავალი მათ ეკუთვნით. უფროსებმაც უნდა მისცენ ხმა. მათ უნდა იცოდნენ, რომ პატივს ვცემთ და მადლიერი ვართ, რადგან მათ გადმოგვცეს ქვეყანა ვალების გარეშე, მადლობას ვუხდით ჩვენს მშობლებსა და ბებია-ბაბუებს დაუღალავი შრომისთვის“, – ამბობს ჯორჯე სიმიონი.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა რუმინეთის 9.4 მილიონმა მოქალაქემ. აქტივობამ 52% შეადგინა. არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს არის დაგეგმილი. მანამდე კი, პირველ დეკემბერს, რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
დათვლილია ხმათა 98% და დილის შვიდი საათის მონაცემებით, ყველასათვის მოულოდნელად დამოუკიდებელი კანდიდატი, კელინ ჯორჯესკუ ლიდერობს. მას აქვს 23%, ხოლო მეორე ადგილზე მოქმედი პრემიერი მარჩელ ჩოლაკუა – 22%-ით. დიდი ალბათობით, მეორე ტურში ერთმანეთს სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება.