მთავარიბიზნესისასტუმრო “ტელეგრაფი” მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციის ნაწილი გახდა

სასტუმრო “ტელეგრაფი” მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციის ნაწილი გახდა

სასტუმრო ტელეგრაფი მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციას The Leading Hotels of The World (LHW) შეუერთდა.

ხელმოწერა ოფიციალურად შედგა ესპანეთის ქალაქ მარბელიაში, ორგანიზაციის ყოველწლიურ ყრილობაზე.

ამგვარად, სასტუმრო ტელეგრაფი გახდა LHW-ს მიერთებული პირველი სასტუმრო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.

თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო “ტელეგრაფი” მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული დიზაინის სტუდიის Neri&Hu-ს მიერაა დაპროექტებული. მისი შემქმნელების თქმით, “ტელეგრაფი” საქართველოში უმაღლესი კლასის სასტუმრო მომსახურების სტანდარტს დაამკვიდრებს. მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციასთან თანამშრომლობა კი იმას ნიშნავს, რომ “ტელეგრაფი” იმ ელიტური სასტუმროების რიცხვს უერთდება, რომელთაც უნაკლო სერვისი, უნიკალური იდენტობა და სტუმარ-მასპინძლობის უმაღლესი სტანდარტები გამოარჩევს.

სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ტელეგრაფის გაერთიანება The Leading Hotels of The World-ში ისტორიული მომენტია, რადგან – “ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი არა მხოლოდ სილქ ჰოსფითალითის საქმიანობაში, არამედ ზოგადად, საქართველოში მაღალი კლასის ტურიზმის განვითარების ისტორიაში. ეს პარტნიორობა ასახავს ჩვენს ხედვას ქართული სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ავიყვანოთ. შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს უნიკალური დიზაინის, კულტურისა და მომსახურების კომბინაცია, რომელიც ასახავს ჩვენს მდიდარ მემკვიდრეობას და მზად არის სიახლეებისთვის”, – ამბობს “სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი.

LHW-ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, შენონ კნაპი ამბობს, რომ “ტელეგრაფის” განსაკუთრებული დიზაინი, არაჩვეულებრივი მდებარეობა და გუნდის მისწრაფება სტუმრებს უნიკალური გამოცდილება შესძინოს, იდეალურად ემთხვევა ამ ორგანიზაციის მისიას – “გავაერთიანოთ ჩვენი ქოლგის ქვეშ ის სასტუმროები, რომლებიც ავთენტურ და სრულყოფილ მომსახურებას უზრუნველყოფენ”.

“მოხარულები ვართ, რომ საქართველო პირველად იქნება წარმოდგენილი ჩვენს გლობალურ სცენაზე.” – ამბობს შენონ კნაპი.

თბილისის შუაგულში, რესპუბლიკის მოედანზე მდებარე სასტუმრო “ტელეგრაფი” დახვეწილი დიზაინით იქნება გამორჩეული. მოეწყობა უმაღლესი კლასის ბარები და რესტორნები, კომფორტის და მომსახურების მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი კი ყველაზე მომთხოვნი და გამოცდილი სტუმრების გემოვნებასაც დააკმაყოფილებს.

ელეგანტური, ყველა დროისთვის გამორჩეული არქიტექტურა და ინოვაციური მომსახურების სტანდარტები, ტელეგრაფს დაუმკვიდრებს სათანადო ადგილს საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ბაზარზე, ასევე აქცევს მას ძლიერი მიზიდულობის სივრცედ როგორც შინ, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის.

სასტუმროს მესვეურთა თქმით, ეს მოვლენა მნიშვნელოვანი ეტაპია, რათა საქართველო ღირსეულად წარმოჩნდეს როგორც ტურისტული მიმართულება იმ უცხოელი ტურისტებისთვის, ვინც უნიკალურ გამოცდილებასა და მაღალი კლასის მომსახურებას ირჩევს.

სასტუმრო ტელეგრაფის გახსნა 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend