მთავარისაქართველოთბილისში ქალებმა საპროტესტო მარში გამართეს

თბილისში ქალებმა საპროტესტო მარში გამართეს

ქალებმა საპროტესტო მარში თბილისში, 24 ნოემბერს გამართეს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს მარში  განსაკუთრებით ემიგრანტ ქალებს ეძღვნებოდათ.

ემიგრაცია საქართველოში უმწვავესი პრობლემაა, და დემონსტრაციაში მონაწილე ქალების თქმით –  გაყალბებული არჩევნების ფონზე ქვეყანა ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე დგება.

„ვინც ფიქრობს, რომ იყო გაყალბება, ყველა უნდა გამოვჩნდეთ. მსვლელობით მივემართებით ბიძინა ივანიშვილის შუშის სახლისკენ და უნდა ვუთხრათ, რომ არსად წასვლას არ ვაპირებთ, არ წასულან ჩვენი ოჯახის წევრები 20 წლის წინ იმისთვის, რომ ჩვენც დავტოვოთ ქვეყანა. ისინი იმისთვის წავიდნენ, რომ უკეთესი გარემო შეგვექმნა და ჩვენ დაგვებრუნებინა ისინიც აქ“, – განაცხადა იდა ბახტურიძემ.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია პერფორმანსით დასრულდა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ჩემოდნები ჰქონდათ მიტანილი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაყარეს. ჩემოდნებზე კი წარწერები ჰქონდათ გაკეთებული „არა იძულებით ემიგრაციას“, „საქართველო მონატრებული დედის გარეშე“.

„დღევანდელი აქციის მთავარი ატრიბუტი ჩემოდანია, რომელიც აქამდე დასვენების სიმბოლო იყო მაგრამ ახლა ნეგატიური განწყობის, სევდის სიმბოლოა“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

„ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ არჩევნები გაყალბდა და გაყალბებული არჩევნები უკან დააბრუნონ და ქალები სწორედ ამისთვის ვდგავართ დღეს აქ“, – აღნიშნა მარიამ კვაშაძემ.

აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ეკონომიკური გაჭირვებისა და ძალადობის გამო იძულებით ემიგრაციაში გარდაიცვალნენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend