საფრანგეთში, ზღვისპირა შარანტაში, ბავშვებში კიბოს შემთხვევებმა იმატა და გაჩნდა ეჭვი, რომ ამ დაავადებას პესტიციდები იწვევს. ადგილობრივი მოსახლეობა როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის ხელისუფლებას უფრო მკაცრი რეგულაციების შემოღებას სთხოვს პესტიციდებთან დაკავშირებით.
ის უხილავია, მაგრამ მისი კვალი ყველგან და ყველაფერში ჩანს: საკვებში, მცენარეებში, ნიადაგში, მიწისქვეშა წყლებში, ჰაერში, რომელსაც ვსუნთქავთ და ჩვენს სხეულშიც კი. პესტიციდის ნარჩენებს ვგულისხმობ, რადგან ევროპა მსოფლიოში პესტიციდების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია.
ის ზიანი, რომელსაც პესტიციდების ნარჩენები აყენებს გარემოს, ადამიანისა თუ შინაურ ცხოველის ჯანმრთელობას, ცხარე დებატების საგანია, განსაკუთრებით აგრარულ სექტორში პესტიციდების ჭარბი გამოყენების ჭრილში. ევროკავშირი მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ამ შხამქიმიკატების გამოყენების განახევრებას გეგმავდა. თუმცა ახლახან ამ გეგმაზე უარი თქვა ფერმერებისა და აგროქიმიკატების ლობისტების მხრიდან დიდი წნეხის გამო.
პესტიციდი არის ნივთიერება, რომელსაც მავნე ორგანიზმების კონტროლისა და პრევენციის მიზნით იყენებენ. მისი ათასობით სახეობა არსებობს, რომელთაგან ძირითადი კატეგორიებია ჰერბიციდები, ფუნგიციდები და ინსექტიციდები. მსოფლიოში გაყიდული პესტიციდების თითქმის მეოთხედი ევროკავშირზე მოდის. მაგალითად, 2019 წელს მსოფლიოში პესტიციდის გაყიდვით მიღებულმა თანხამ დაახლოებით 53 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 12 მილიარდი ევრო ევროკავშირზე მოდის. ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და გერმანია პესტიციდების ყველაზე მსხვილი მომხმარებლები არიან, რადგან ამ ქვეყნებში სოფლის მეურნეობას დიდი ტერიტორია უკავია.
ევროკავშირი ერთ-ერთ წამყვანი ექსპორტიორადაც ითვლება. ევროკავშირში დაშვებულია 450-ზე მეტი ქიმიკატი, რომლებსაც პესტიციდების დასამზადებლად იყენებენ. ბევრი პესტიციდი ამოიღეს ბაზრიდან, როგორც ძლიერი საწამლავი. თუმცა აკრძალულ პესტიციდებს ისევ ნახავთ ევროპის მარცვლეულში, რადგან მათ უკანონო ფალსიფიკატორებს იყენებენ, ან ამ ნივთიერებების მოხმარება დროებით დაშვებულია. ტოქსიკური ნივთიერებები ევროპელი მომხმარებლის თეფშამდეც აღწევს ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებიდან შემოტანილი იმპორტის წყალობით. მათ უმეტესობას აწარმოებენ ევროპული კომპანიები, რომლებსაც უფლება აქვთ, რომ პროდუქცია ევროკავშირში უცხოეთიდან შეიტანონ.
ზღვისპირა შარანტაში – საფრანგეთის დასავლეთით – ვრცელი მინდვრებია, რომლებზეც მარცვლეული მოჰყვათ და რომლებზეც დიდი რაოდენობით პესტიციდებს იყენებენ. ამ რეგიონის რამდენიმე ქალაქის მოსახლეობამ ახლახან განგაშის ზარს შემოჰკრა: ბავშვებში იმატა კიბოს შემთხვევებმა, მათ შორის გარდაცვალებისაც.
„სენ-როგასიენის მუნიციპალიტეტში პირველად გაგვიჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ გარემოში უნდა გვეძებნა ის მიზეზები, რომლებიც ამ ადგილებში პათოლოგიებს იწვევდა,“ – ამბობს ფრანკ რინშე–ჟიროლე, ასოციაცია Avenir Santé Environnement-ის თანათავმჯდომარე. „ჩვენ გვქონდა მრეწველობა, მათ შორის მუშაობდა ასფალტის ქარხანაც. აქვე გადის მაღალი ძაბვის ხაზიც, ხოლო აქაური მოსახლეობის სახლების გარშემო უამრავი მარცვლეულის ყანაა. სოფლის მეურნეობა კი ძალიან, ძალიან ბევრ პესტიციდს იყენებს“.
ფრანკ რინშე–ჟიროლეს შეშფოთების სრული საფუძველი აქვს. მისი 7 წლის ვაჟს, რომელსაც 5 წლის წინ ძვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რემისიის პერიოდი აქვს. ფრენკი ავტობუსის მძღოლი იყო, ახლა კი საპარლამენტო ატაშეა და თანათავმჯდომარეა იმ ადგილობრივი მოსახლეობის ასოციაციის, რომელიც ფრენკის მსგავსად იბრძვის, რათა გაარკვიოს, თუ რატომ დაავადდნენ მათი შვილები კიბოთი.
„2008-2020 წლებში სენ-როგასიენში კიბოს 7 შემთხვევა აღინუსხა ჩვილობიდან-24 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში,“ -განმარტავს ფრანკი. „ ეს ოთხ-ნახევარჯერ აღემატება მთელი დეპარტამენტის დარჩენილი ნაწილის მაჩვენებელს. ჩვენი შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი იყო ჰაერის ხარისხის დეტექტორი, რომელმაც აჩვენა, რომ 2019 წელს ჰაერი პესტიციდის 33 ნარჩენს შეიცავდა, ხოლო 2021 წელს -41-ს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საფრანგეთში.
შეშფოთებას კი ის ფაქტი იწვევს, რომ ეს სენსორი სკოლის ჭიშკრიდან სულ რაღაც 20-30 მეტრის მოშორებით არის დამონტაჟებული“.
რამდენიმე დემონსტრაციის მოწყობისა და ხელისუფლებისადმი რამდენჯერმე ამაო მიმართვის შემდეგ ფრანკმა და მისი ასოციაციის წევრმა სხვა მშობლებმა გასულ ოქტომბერში გამოაქვეყნეს იმ ტოქსიკოლოგიური ანალიზის შედეგები, რომელიც აგლომერაციის 6 კომუნაში მცხოვრებ ბავშვებს ჩაუტარდათ. შედეგებმა საზოგადოება ძალიან შეაშფოთა.
„გადავწყვიტეთ, რომ დაგვეფინანსებინა 72 ბავშვის შარდისა და თმის სინჯების ანალიზი,“ – ამბობს ფრანკი. „ბავშვების შარდში პესტიციდის 14 მოლეკულა აღმოჩნდა, თმაში კი -45. მათ შორის აკრძალული პესტიციდის მოლეკულებიც. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ისევ ფერმერები იყენებენ, მაგრამ ისინი იპოვეს ჩვენი ბავშვების ორგანიზმში. როგორ მოხდა, რომ აკრძალული კანცეროგენური მოლეკულა ისევ გვხვდება, ჩვენ კი მაინც ვუშვებთ ბაზარზე იმ პროდუქტებს, რომლებიც პოტენციურად ვნებენ ენდოკრინოლოგიურ ჯირკვლებს და კანცეროგენურია? არც მათ შემცველობაში არსებული დაშვებული და აკრძალული მოლეკულების საერთო ეფექტის ანალიზი ტარდება. პროდუქტის ბაზარზე დაშვების საკითხი ევროკავშირის დონეზე წყდება. როგორც ირკვევა, ზოგიერთი მოლეკულა, რომლებიც კიდევ 10, 20 ან 30 წლით არის დაშვებული, ან კანცეროგენურია ან რეპროტოქსიკური მუტაგენური პროდუქტია.
ევროპულ დონეზე რასაც ვისურვებდით, ის არის, რომ თანდათან აკრძალონ სინთეტიკური პესტიციდები სოფლის მეურნეობაში და ამისთვის დიდი დახმარებაც გაუწიონ სოფლის მეურნეობას.
ჩვენ შეგვიძლია წარმოების გზის შეცვლა, მაგრამ ამისთვის მთლიანი სისტემა უნდა გადაიხედოს. ჩემი აზრით, რაც მეტი დრო გავა, უფრო მოიმატებს ბავშვებში კიბოს შემთხვევები. რაც შეეხება ჩემს შვილს, მას რემისიის პერიოდი აქვს, მაგრამ ჩვენ თავზე მუდამ დამოკლეს მახვილივით კიდია საფრთხე. თუმცა მაინც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ მისთვის არ ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით ჩვენ შემდეგ მომავალი ხალხისთვის. ჩვენ ჯოჯოხეთი გავიარეთ, ჩვენმა ბიჭმა ჯოჯოხეთი გაიარა. ნამდვილი ჯოჯოხეთია, როდესაც ხედავ, შენი შვილს ქიმიოთერაპიას რომ უკეთებენ და შემდეგ იმ ყველაფრის ატანა გიწევს, რაც ამას მოსდევს. ჩვენი ამოცანაა, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მივიტანოთ ინფორმაცია, რადგან ჩვენ, ფაქტობრივად, სწორედ იმ ხალხზე ვართ დამოკიდებული, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ დონეზე. ნამდვილად არ ვუსურვებ ვინმეს, გაიარაოს ის განსაცდელი, რომელიც ჩვენ გავიარეთ ჩვენი შვილის გამო, მაგრამ ხანდახან მგონია, მათაც ეს გზა რომ გაევლოთ, ალბათ შეცვლიდნენ მიმდინარე პოლიტიკას“.
რამდენად იცავს ევროპული რეგულაციები მოქალაქეებს პესტიციდების მავნე გავლენისაგან? ამ კითხვით „ევრონიუსმა“ მიმართა ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს Pesticide Action Network (PAN) Europe-ს მიმართა, რომელიც პესტიციდებისაგან თავისუფალი ევროპისთვის იბრძვის.
“პესტიციდების მარეგულირებელი ევროპული კანონმდებლობა, მართლაც, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ მისი აღსრულება არ ხდება ისე, როგორც წესია,“ – განმარტა მარტინ დერმინმა, PAN Europe-ის აღმასრულებელი დირექტორმა. „ამის მაგალითია დირექტივა პესტიციდების მდგრადი გამოყენების შესახებ, რომლის მიხედვითაც, პრიორიტეტულია ყველა ის ზომა, რომელიც პესტიციდების თავიდან აცილებას ემსახურება. მაგალითად, ისეთი მარტივი მეთოდის გამოყენება, როგორიცაა თესლბრუნვა, რაც ნიშნავს მავნებლების მიმართ უფრო მდგრადი მარცვლეულის სახეობების დათესვას. ეს დირექტივა არ სრულდება წევრი სახელმწიფოების მიერ სწორად. ევროკომისიამ უნდა გაატაროს სადამსჯელო ზომები და უფრო მკაცრი იყოს წევრი სახელმწიფოების მიმართ“.
თუმცა საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია, რომ ევროპელებმა პესტიციდების გარეშე იცხოვრონ?
“რა თქმა უნდა შესაძლებელია,“ – ამბობს მარტინი. „პესტიციდებს, როგორც წესი, არ იყენებენ იმ სურსათის წარმოებისთვის, რომელსაც საკვებად ვიყენებთ. თუ შეწყდება იმ მარცვლეულის სუბსიდირება, რომელიც ევროკავშირის გარეთ ექსპორტზე გადის და ევროკავშირის ერთიანი აგრარული პოლიტიკის ფულს მხოლოდ ჩვენთვის საკმარის საკვებზე დავხარჯავთ, მაშინ ნამდვილად შევძლებთ, ყველაფერი ორგანული გზით ვაწარმოოთ იმავე დანახარჯებით, რაც ახლა გვაქვს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის კარი ბოლომდე ღიაა საერთაშორისო ბაზრებისთვის. და ერთიანი აგრარული პოლიტიკის ფული, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტის მესამედია, პირდაპირ პესტიციდებისა და სასუქების მწარმოებელი ინდუსტრიის ჯიბეში და იმ ექსპორტის სუბსიდირებაზე მიდის, რომელიც სულაც არ კვებავს ჩვენს მოქალაქეებს“.
ევროკავშირის ომბუდსმენმა ახლახან მკაცრად გააკრიტიკა ევროკომისია იმის გამო, რომ არ დაიცვა სახიფათო ქიმიური ნივთიერებების ავტორიზაციისთვის დათქმული სამთვიანი ვადა. გადავადება ზოგჯერ რამდენიმე წელიც კი გრძელდება, ამ პერიოდში კი კომპანიებს შეუძლიათ პოტენციურად ტოქსიკური ან კანცეროგენური პროდუქტის დისტრიბუცია. ამიტომ სასურველია, რომ ბრიუსელმა უკეთ იმუშაოს.
ავტორი: ვალერი გორია