ჰოლოდომორის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილე სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. რამდენიმე დღეა, რაც საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებისთვის ლექციებმა აუდიტორიებიდან უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლა.
წელს უკრაინაში ჰოლოდომორის 90-ე წლისთავი აღინიშნება. საბჭოთა ტერორის საყოველთაო და სასტიკი შიმშილობის პერიოდს სპეციალისტები უკრაინელი ხალხის გენოციდსაც უწოდებენ. გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში, მასობრივი კოლექტივიზაციის შემდეგ, საბჭოთა რეჟიმმა ხორბლეულის მარაგები საზღვარგარეთ იმ მიზნით გაყიდა, რომ ინდუსტრიალიზაციის პროცესი დაეფინანსებინა.
უკრაინა, როგორც ხორბლის ყველაზე დიდი მწარმოებელი, ამ პერიოდში გამორჩეულად სასტიკი ტერორის მსხვერპლი გახდა. რეჟიმმა მოსახლეობა საკვების გარეშე დატოვა, რამაც მასობრივი შიმშილობა და სიკვდილი გამოიწვია. რუსეთის ხელისუფლება „ჰოლოდომორის“ დანაშაულს დღემდე უარყოფს და 1932-1933 წლების შიმშილობას „დეზინფორმაციას“ უწოდებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე თბილისშიც ვისაუბროთ და ვისაუბროთ იქ, სადაც არის კერა სტუდენტური პროტესტის, რომელიც ცდილობს, დაიცვას ჩვენი მომავალი ანალოგიური საფრთხისგან, რასაც წარმოადგენს რუსული იმპერიული, რეპრესიული, ტერორზე ორიენტირებული პოლიტიკა. ამ პოლიტიკის ნაყოფი იყო „ჰოლოდომორის“ დანაშაული. საბჭოთა რეჟიმმა უკრაინის მოსახლეობა ყოველგვარი საკვების გარეშე დატოვა, რამაც მასობრივი შიმშილობა და სიკვდილი გამოიწვია. იმავე პერიოდში რეჟიმი ასეთივე დაუნდობელი და სასტიკი იყო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ“, – ამბობს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.
„როცა შიმშილი მძვინვარებდა უკრაინაში, პიკზე იყო ხორბლის ექსპორტი საბჭოთა კავშირიდან. კომკავშირისა და ენკავედეს შეიარაღებულმა რაზმებმა დაიწყეს ყველა სახის მარცვლეულის რეკვიზიცია – დადიოდნენ სოფელ-სოფელ, ოჯახ-ოჯახ და ასე ართმევდნენ ხალხს საკვებს. ადამიანებს აკრძალული ჰქონდათ სოფლიდან ქალაქში ჩასვლა და იქ საკვების მოძიება. ამ ყველაფერმა გაუგონარი შიმშილი და 4-დან 7 მილიონამდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“, – ამბობს გიორგი კანდელაკი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი.