მთავარიაზიაისრაელიჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ნეთანიაჰუს პასუხი

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ნეთანიაჰუს პასუხი

„შავი დღე კაცობრიობის ისტორიაში“ – ასე აფასებს ბენიამინ ნეთანიაჰუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლომ ისრაელის პრემიერსა და ისრაელის ყოფილ თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტზე დაკავების ორდერი გამოსცა. ნეთანიაჰუ, რომელსაც ბრალი ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის ედება, აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ვერ შეაფერხებს.

„ეს შავი დღეა კაცობრიობის ისტორიაში. ჰააგის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც კაცობრიობის დასაცავად შეიქმნა, დღეს მის მტრად გადაიქცა. ამ მიკერძოებულმა სასამართლომ გადაწყვიტა, გაეცა დაკავების ორდერები ჩემსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტზე სრულიად უსაფუძვლო ბრალდებით. ეს მორალური გაკოტრებაა და არღვევს დემოკრატიული ქვეყნების უფლებას, დაიცვან თავი სისხლიანი ტერორიზმისგან.

ეს არის ანტისემიტური ნაბიჯი, რომელსაც ერთი მიზანი აქვს: შემაკავოს მე და შეგვიშალოს ხელი ჩვენი ბუნებრივი უფლების გამოყენებაში, დავიცვათ თავი მტრებისგან, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენი განადგურების მიზნით აღდგნენ. მაშინ, როცა ჩვენ თავს ვიცავთ მტრისგან, რომელიც ჩვენს გენოციდს ცდილობს, ისრაელის სახელმწიფოს ბრალი სწორედ „გენოციდში“ ედება.

ჩვენ გვადანაშაულებენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის განზრახ მიყენებაში, როცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს თავიდან ავიცილოთ. თანაც, ეს ხდება იმ მტერზე წინააღმდეგობის გაწევისას, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება და მათ  ფარად იყენებს. ბრალად გვდებენ მოსახლეობის შიმშილს, როცა ჩვენ ასობით ათასი ტონა საკვები შეგვაქვს მოსახლეობის გამოსაკვებად. „ჰამასი” კი, ამ საკვებს ითვისებს და ღაზის მოსახლეობას აშიმშილებს… ვერცერთი საზიზღარი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის სიმართლეს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერები 21 ნოემბერს გასცა. წინასასამართლო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ სულ მცირე 2023 წლის 8 ოქტომბრიდან 2024 წლის 20 მაისამდე, ნეთანიაჰუმ და გალანტმა ღაზის მოსახლეობა გადარჩენისთვის საჭირო რესურსების, მათ შორის, საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და სამედიცინო მარაგების, ასევე საწვავისა და ელექტროენერგიის გარეშე განზრახ დატოვეს.

ევროკავშირი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რომის სტატუტის ხელმომწერი ყველა სახელმწიფოსთვის, შესაბამისად, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა. თუმცა გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეები ევროკავშირშიც ჰყავს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეფასებით, გადაწყვეტილება პოლიტიკურია და იგი საერთაშორისო სამართლისთვის ძირის გამოთხრასთან ერთად ომის გამწვავების რისკსაც ზრდის.

„ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. იგი უნდა აღსრულდეს. ამიტომ მე ვითვალისწინებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის” ლიდერის დაკავების ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება სასამართლოს ყველა წევრ ქვეყანაზე, რაც ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს გულისხმობს. ქვეყნები ვალდებული არიან სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულონ“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიმდინარე კონფლიქტში თითქოს სამართლიანად ჩარევა აღმაშფოთებლად თავხედური, შეიძლება ითქვას, ცინიკურია. ეს პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რადგან კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში არ დასრულებულა. ეს თავისთავად არასწორია და პრაქტიკულად საერთაშორისო სამართლის სრულ დისკრედიტაციას იწვევს. გარდა ამისა, ამას ომის გამწვავებაც კი შეუძლია. ასე რომ, ამ გადაწყვეტილებასთან შეწინააღმდეგების გარდა სხვა არჩევანი არც არსებობს“, – ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

ისრაელი, ისევე როგორც მისი მთავარი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თეთრ სახლში ეს კიდევ ერთხელ და ხაზგასმით განაცხადეს.

„ჩვენ სრულიად ვეწინააღმდეგებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. უარყოფითად ვაფასებთ პროკურორის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნასა და პროცესის დროს დაშვებულ სამწუხარო შეცდომებს, რამაც ეს გადაწყვეტილება მოიტანა. შეერთებულმა შტატებმა ცალსახად განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამ საკითხზე იურისდიქცია არ აქვს. ეს ადრეც გვითქვამს“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა, თეთრი სახლის პრესმდივანმა.

21 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის, დაკავების ორდერიც გასცა. თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დეიფი 2024 წლის ივლისში ღაზაში საჰაერო დარტყმისას მოკლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend