ყოფილი სლოვენიელი დიპლომატი და ჟურნალისტი მარტა კოსი გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მომავალი ევროკომისარია.
როგორც დასავლური მედია იუწყება, მოსმენის დასრულების შემდეგ მან ევროპარლამენტარების სულ მცირე 2/3-ის მხარდაჭერა მოიპოვა, დიდი ალბათობით წლის ბოლომდე პოსტზე ოლივერ ვარჰეის ჩაანაცვლებს და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაუძღვება ბლოკის გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკას.
მარტა კოსის გზა ბრიუსელამდე მარტივი არ ყოფილა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის ზეწოლის ფონზე, სლოვენიას ევროკომისრობის თავდაპირველი კანდიდატის, ტომაშ ვესელის უკან გაწვევა მოუწია. მიზეზი ახალი მოწვევის ევროკომისიაში მეტი ქალი პოლიტიკოსის ჩართულობის მოთხოვნა იყო.
მომავალი ევროკომისარი აცხადებს, რომ მას გარკვეული მოლოდინები აქვს გაწევრების კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისგან, კერძოდ, ევროკავშირის ღირებულებების გაზიარება და სტრატეგიული მიდგომა. როგორც ამბობს, ყველაფერს გააკეთებს, რათა ამა თუ იმ ქვეყნის ბლოკში გაწევრება მთლიან დამსახურებაზე იყოს დამოკიდებული.
მარტა კოსი – ევროკომისრობის კანდიდატი გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში:
,,ჩვენ ახალი წევრები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მივიღოთ, თუ ისინი აქტიურად იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, როგორებიცაა: დემოკრატია და კანონის უზენაესობა. უზრუნველვყოფ, რომ მოლაპარაკებების პროცესი გამჭვირვალედ, ინკლუზიურად და სამართლიანად წარიმართოს, რათა კანდიდატმა ქვეყნებმა განაგრძონ პროგრესი გაწევრების გზაზე. თუმცა, მეორე მხრივ, მაქვს მოლოდინები კანდიდატებისგანაც. ისინი უნდა იყვნენ სტრატეგიულები და ევროპულები; და აჩვენონ სანდოობა. ჩვენ მულტი-პოლარულ დროში ვცხოვრობთ. უპირველეს ყოვლისა, უზრუნველვყოფ, რომ ბლოკში გაწევრების პროცესი მთლიანად დამსახურებაზე იყოს დამოკიდებული. თითოეული კანდიდატი ქვეყანა ინდივიდუალი კრიტერიუმების საფუძველზე შეფასდება. მე მივესალმები ამბიციას, თუმცა არასდროს დავთმობ ხარისხს, სისწრაფის ხარჯზე“.
ევროკომისრობის კანდიდატმა ისაუბრა უკრაინის და მოლდოვის ევროინტეგრაციის მომავალზე, ახსენა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, კვიპროსი და თურქეთი.
გამხსნელ სიტყვაში საქართველო არ უხსენებია თუმცა, პოლონელი ევროპარლამენტარის, ადამ ბიელანის შეკითხვაზე, თუ რა არის ის მინიმალური მოთხოვნები, რაც საქართველომ გაწევრების პროცესის განსაახლებლად უნდა შეასრულოს – მარტა კოსმა ანტი-დემოკრატიული კანონების გაუქმება დაასახელა.
მარტა კოსი – ევროკომისრობის კანდიდატი გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში:
,,ჩემი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ ასეთია: იმედი არ დაკარგოთ. ჩვენ მზარდ ვართ, გაფართოების პროცესის გასაგრძელებლად. ამის მთავარი წინაპირობა კი ისაა, რომ დავინახოთ ამის სურვილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ასე რომ, ჩვენ ველით ორი კანონის გაუქმებას: ,,უცხოური გავლენების“ და ,,ოჯახური ღირებულებების დაცვის“ შესახებ – სწორედ ეს იქნებოდა პირველი ნიშანი. ჩვენ მზად ვართ დავუჭიროთ მხარი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ვფიქრობ, ჯერ არაფერი არ დასრულებულა. იმედი მაქვს, ევროპარლამენტის დახმარებით, შევძლებთ საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებას“.
ყოფილი ელჩი ბერლინსა და ჟენევაში უკრაინის ბლოკში გაწევრების მხარდამჭერია. თუმცა, სხვადასხვა დროს კრიტიკის სამიზნეც გამხდარა, მოსკოვისადმი შემრიგებლური ტონის განცხადებების გამო.
,,ჩვენ უნდა ვიყოთ კრიტიკულები რუსეთის მიმართ, მაგრამ არ უნდა დავუხუროთ მათ კარი“, – განაცხადა მარტა კოსმა 2022 წლის მარტში.
მიუხედავად ამისა, როგორც სლოვენიელი პოლიტიკის მეცნიერები ამბობენ, კოსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რობერტ გოლობის ახლო მოკავშირეა და შესაბამისად, მმართველი პარტიის მსგავსად, მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას აგრესორის წინააღმდეგ.
ევროპარლამენტარების წინაშე წარდგენისას კი განაცხადა, რომ უკრაინის გაწევრების პროცესის მხარდაჭერა და ომით მიყენებული ზიანის აღდგენაში დახმარება მისი პრიორიტეტი იქნება.
მარტა კოსი – ევროკომისრობის კანდიდატი გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში:
,,უკრაინამ მთელ გაფართოების პროცესს ახალი დინამიკა შესძინა. ჩვენ ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ. სხვა მიზეზებს შორის, უკრაინაც ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც გაფართოება ევროკავშირის პრიორიტეტად იქცა. ჩვენ არასოდეს გვყოლია ომში ჩაბმული კანდიდატი ქვეყანა. თუმცა, ვხედავთ როგორ ვითარდება ეს ქვეყანა ომის მიუხედავად. ამიტომ, უკრაინას ევროკავშირში ინტეგრაცია და აღდგენა ჩემი პრიორიტეტი იქნება. რამდენიმე დღის წინ ვნახე ცნობა, რომ თითქოს აშშ-ი უკრაინას უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერია – 56 მილიარდი დოლარით. იცით რა არის ჩვენი მაჩვენებელი? 118 მილიარდი. და ჩვენ კიდევ მეტის გაკეთებას ვაპირებთ…“
ახალი ევროკომისიის შემადგენლობაზე საბოლოო კენჭისყრა 26 ნოემბერს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი. ოფი ციალურად, ევროკომისრები მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან შეუდგებიან.