კუნძული ჰოკაიდო ცნობილია თერმული ნაკადულებითა და დათოვლილი სათხილამურო კურორტებით.
ზამთრის საოცარი პეიზაჟები იაპონიის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე ამ მთავარ კუნძულზე ყველა სეზონის შესაბამისად იცვლება, ზაფხულის ხასხასა ფერები შემოდგომაზე თითქოს მწიფდება და სტუმრების მისაღებად ემზადება.
და ამ მშვენიერ მიწაზე, ადგილობრივი კულტურა ხელახლა იფურჩქნება და ცოცხლდება.
2008 წელს იაპონიაში მიიღეს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, აინუს ტომი აბორიგენ ხალხად აღიარეს და „უპოპოი“ – იგივე „აინუს ეროვნული მუზეუმი და პარკი“ (Upopoy National Ainu Museum & Park) შექმნეს, რომელიც ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა. ჰოკაიდოს აბორიგენი მოსახლეობის – აინუსა და მათი წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების შესახებ ცნობები მეცამეტე საუკუნიდან გვხვდება. აინუს ხალხს უყვარს ფოლკლორი, ფესტივალები, ნადირობა, აქვთ საკუთარი ენა და მისდევენ მიწათმოქმედებასა და შემგროვებლობას.
„ამ მუზეუმში აინუს კულტურას ჩვენს საკუთარ აინუს ენაზე წარმოვაჩენთ,“ – ამბობს მიუკი მურაკი, აინუს ეროვნული მუზეუმისა და პარკის დირექტორი. „გარდა ამისა, ამ პარკის სტუმრებს შეუძლიათ, საკუთარი თვალით ნახონ აინუს ტრადიციული სახელოსნოები, ტრადიციული ქსოვილები, ჩუქურთმები და ა.შ. იმ ადგილას, სადაც აღვადგინეთ ტრადიციული სოფელი, სახელად „კოტანი“, გვაქვს აინუს ენის შემსწავლელი პროგრამები, ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტები, ვდგამთ წარმოდგენებს, ვაჩვენებთ აინუს კვების კულტურას. შეგიძლია, თავად მოამზადო და დააგემოვნო აინუს გემრიელი ტრადიციული კერძები, რომელთა რეცეპტებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა“.
ტრადიციულად აინუს ხალხი დღეში ორჯერ მიირთმევს და მათი ძირითადი საკვებია ადგილობრივი თევზი და ხორცი, შემწვარი ან მოხარშული, კომბუს წვნიანში ბოსტნეულთან ან მთის მწვანილთან ერთად, ან შებოლილი და დამარილებული, რათა სურსათი არ გადაიყაროს.
მუზეუმში აღდგენილ აინუს სოფელში, იგივე „კოტანში“, ტრადიციული ბუნებრივი მასალებისგან აგებული აინუს სახლები დგას, რომლებიც ჩალითაა გადახურული, კედლები კი ლერწმით არის ამოყვანილი.
აქ მოსულ დამთვალიერებელს შეუძლია აინუს ტრადიციული ტანსაცმელიც მოირგოს, რომელიც ბუნებრივი მასალისაგან არის დამზადებული, ისევე როგორც სახლები.
გარეთ მოწყობილ სცენაზე აინუს ძველთაძველ მუსიკალურ წარმოდეგენებს დგამენ, რომლებიც აინუს ისტორიის ამბავს მოუთხრობენ არა მხოლოდ აინუს მომავალ თაობას, არამედ მუზუემში მთელი მსოფლიოდან ჩასულ სტუმრებსაც.
მუზუემის საკმაოდ პოეტური სახელი „უპოპოი“ აინუდან ითარგმნება როგორც „გუნდური მღერა“.
უპოპოის დათვალიერების შემდეგ ქალაქ კუსიროში ჩავფრინდი, რათა იქ თანამედროვე აინუს სოფელი მენახა – აკანკო აინუ კოტანი და თან მარიმოს ცნობილ ფესტივალს დავსწრებოდი.
6 ათასი წლის ვულკანური წარმოშობილ ტბა აკანში იშვიათი სახეობის წყალმცენარე – მარიმო ხარობს, რომელიც ტბის სიღრმეშია მიმალული. ეს ხავერდოვანი ხავსის მსგავსი ბურთულები მრგვალი წყალმცენარის ნაირსახეობაა, რომელიც წყალქვეშ ხარობს და ძალიან ნელა იზრდება – წელიწადში მხოლოდ 5 მილიმეტრს იმატებს. ტბა აკანი ცნობილია, როგორც ადგილი, რომელშიც დედამიწაზე ყველაზე დიდი მარიმო ხარობს.
„წარსულში აინუს ხალხი მონადირე, შემგროვებელი და მეთევზე იყო და ყველაფერს, რაც სჭირდებოდა, ბუნებისგან იღებდა,“ – განმარტავს ნისიდა მასაო, აკან–აინუს ხელოვნების ასოციაციის დირექტორი (Akan Ainu Arts Association). “სხვაგვარად რომ ვთქვათ – ღმერთისგან. აი, ამიტომ ვუხდით მადლობას ბუნებას ყველაფრისთვის, რაც ხდება“.
ოქტომბრის დასაწყისში სამი დღის განმავლობაში ტარდება „მარიმოს ფესტივალი“, რომლის ფარგლებშიც იმართება ცეკვები, ცერემონიები და მსვლელობები მარიმოს დასაცავად, ასევე პატივს მიაგებენ აინუს ღმერთებს და აინუს ტრადიციებს მომავალ თაობებს გადასცემენ. აინუს ტრადიციული ცეკვა იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.
ერთდღიანი სამზადისის შემდეგ მარიმოს ფესტივალი ოფიციალურად იწყება მსვლელობით, რომლის მონაწილეებსაც ხელში მაღლა აღმართული ჩირაღდნები უჭირავთ.
მართალია, აინუს ხალხს ხელში ძველი ჩირაღდნები უპყრია, მაგრამ დღეს ეს საზოგადოება მხოლოდ წინ იყურება და მზადაა, რომ საკუთარი მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურა მთელ მსოფლიოს გააცნოს.
ავტორი: სარა ჰედლი ჰაიმერსი