მთავარისაქართველოსურსათის ფასი იზრდება

სურსათის ფასი იზრდება

როგორც მოსახლეობა ამბობს, წლიდან წლამდე საქართველოში სურსათზე ფასები საგრძნობლად ძვირდება. საკვები პროდუქტი განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებშია გაძვირებული, რადგან ამ დროს მოთხოვნაც მაღალია…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, წელს იმავე თვეში, ფასები 0.3 პროცენტით გაიზარდა. გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გაძვირდა ჯანდაცვაც.

2024  წლის ოქტომბრის თვესთან შედარებითაც მომატებულია  ფასები რძესა და რძის პროდუქტებზე, კვერცხზე – 2.3 პროცენტით, ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე – 1.9 პროცენტით, ზეთსა და ცხიმზე – 1.6 პროცენტით და ასე შემდეგ… თუმცა, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აცხადებს, იყო კლების შემთხვევებიც.

„ზრდა გვაქვს სურსათის ჯგუფზეც, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, ასევე სასტუმროებსა და რესტორნებზე. განათლებაზეც არის ზრდა. თუმცა ამავე პერიოდში არის კლება, კავშირგაბმულობის ჯგუფზე 12.7%-ით”, – ამბობს გიორგი თეთრაული, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ფასების სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი.

სამომხმარებლო კალათაში სხვადასხვა კატეგორია შედის, მათგან ყველაზე დიდი წილი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოდის – 33.4%. ეს ის კატეგორიაა, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა საქართველოში. საინტერესოა, რომ სამომხმარებლო კალათაში ამ კატეგორიის მნიშვნელობა 2012 წლიდან მატულობს და 2024 წლისთვის ჯამში 3 %-ითაა გაზრდილი, შესაბამისად, სურსათზე ფასების ზრდა მოსახლეობის ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

„სურსათსა და მედიკამენტებზე და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების ზრდა ავტომატურად ყველაზე მეტ მოქალაქეს აწუხებს, განსაკუთრებით პენსიონერებს“, – აცხადებს გიორგი კეპულაძე, „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი.

ეკონომისტების თქმით, წელს შარშანდელთან შედარებით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, რაც ფასების 0.3%-ით გაძვირებას გულისხმობს. გასულ წლებში, მაგალითად, 2022 წელს ინფლაციას რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა. 2021 წლის დეკემბერთან შედარებით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 2022 წლის დეკემბერში 16.3%-ით გაძვირდა. წლევანდელი 0.3%-იანი ზრდა კი ნიშნავს, რომ 2022 წელს გაძვირებული პროდუქტი, მართალია, 2023 წელს მცირედ გაიაფდა, მაგრამ 2024 წელს მასზე ფასმა 0.4%-ით კვლავ მოიმატა. ეკონომისტები თვლიან, რომ ფასების დარეგულირების პროცესში ეროვნული ბანკისა და სახელმწიფოს როლი ძალიან დიდია. ბაზრების დივერსიფიკაცია და სწორი მონეტარული პოლიტიკა სამომხმარებლო კალათის ფასის რეგულირების პროცესისთვის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

მოსახლეობა თვლის, რომ  დიდი სუპერმარკეტების ნაცვლად  აგრარულ ბაზრებში ჯობია პროდუქტების შეძენა. ახალი წელი ახლოვდება, საკვებზე ფასები კი საგრძნობლად იქაც იზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend