მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ რუსეთთან ომი 2025 წელს დიპლომატიური გზით დასრულდება

ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ რუსეთთან ომი 2025 წელს დიპლომატიური გზით დასრულდება

ზელენსკის მტკიცებით, უკრაინის არმია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმიაა, თუმცა ცხადია, რომ ის დასავლელი მოკავშირეებისგან გამოყოფილი მილიონობით ევროს ღირებულების დახმარებითაა გაძლიერებული

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი აქვს, რომ რუსეთთან ომი 2025 წელს დიპლომატიური გზით დასრულდება.

პარასკევს რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მომავალ წელს ომი დასრულდეს არა სამხედრო ძალით,  არამედ მოლაპარაკებების გზით.

„ჩვენ ომში ვართ.  არ მინდა შედარებების გაკეთება, მაგრამ ჩვენ ვებრძვით სახელმწიფოს, რომელიც არაფრად აგდებს თავის ხალხს, რომელსაც აქვს უამრავი ტექნიკა და აღჭურვილობა, რომელსაც არ აინტერესებს, რამდენი ადამიანი დაიღუპება, ეს არის ის, რაც ხდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

იმავე ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის არმია ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია.

სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის პერიოდში კიევმა ძირითადად დასავლელი მოკავშირეებისგან თითქმის 120 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება მიიღო.

ამ დახმარების 41% შეერთებული შტატებიდან არის, ხოლო გერმანია, დანია, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები დონორი ქვეყნების ხუთეულში შედიან.

თუმცა ზელენსკი დასძენს, რომ უკრაინა ~ წარმატებას აღწევს საკუთარი იარაღის, მათ შორის რაკეტების, საზღვაო დრონებისა და ელექტრონული ომის სისტემების  წარმოების გამოც.

“დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ტექნოლოგიურად ყველაზე ძლიერები ვართ ევროპაში, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს თანამედროვე პრაქტიკა, რომელიც დაფუძნებულია მიმდინარე ხანგრძლივ ომზე. სწორედ ამიტომ გვაქვს დრონები, ელექტრონული ომის სისტემები, შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო აპარატები და სხვა ტექნოლოგიები”, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ, როგორც კი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს, ომი მალე დასრულდება.

უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ ამ თვის დასაწყისში, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მას კონსტრუქციული დიალოგი  ჰქონდა ახლად არჩეულ პრეზიდენტთან. მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ტრამპი დიდი ხანია აკრიტიკებს აშშ-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას.  საინტერესოა, რამდენად  გააგრძელებს ვაშინგტონი ამ მხარდაჭერას, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდება.

შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღის ყველაზე დიდი მიმწოდებელია. კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, ივნისის ბოლოსთვის ვაშინგტონმა ვალდებულება აიღო, მიეწოდებინა  55 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების (52 მილიარდი ევრო) სამხედრო დახმარება.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ომს ერთ დღეში დაასრულებდა, თუმცა კონკრეტულად როგორ აპირებდა ამის გაკეთებას, ამაზე არ უსაუბრია.

ამავდროულად, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის ერთ-ერთმა უპილოტო აპარატმა 10 მილიონი დოლარის (9,4 მილიონი ევრო) ღირებულების რუსული BUK-M1 საზენიტო-სარაკეტო სისტემა გაანადგურა.

ვიდეოში, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ Telegram-ზე გაავრცელა, ჩანს, როგორ იღებენ მიზანში ამ სისტემას. ​​როგორც იგი აცხადებს, ვიდეო ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილშია გადაღებული, თუმცა კონკრეტულად სად, მას არ დაუზუსტებია.

ამ ომში საბჭოთა ეპოქისდროინდელ BUK-M1 სარაკეტო სისტემებს იყენებს როგორც უკრაინული, ისე  რუსული მხარე. გასულ წელს კი უკრაინამ განაცხადა, რომ სისტემები  ამერიკული რაკეტების გასაშვებად გადაკეთდა.

იაპონია შეშფოთებულია ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ურთიერთობით

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი შაბათს კიევში იმყოფებოდა, რათა ჩრდილოეთ კორეის რუსეთთან სამხედრო ალიანსის გაღრმავებისა და  მათ შორის უკრაინაში  ათასობით სამხედროს განთავსების საკითხები განეხილა

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაკესი ივაია შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას, ანდრიი სიბიჰას და კიდევ ერთხელ  დაუდასტურა უკრაინას იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა.  მათ ასევე იმსჯელეს მოსკოვის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე.

„რუსეთს, ჩრდილოეთ კორეასა და ირანს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება პირდაპირ უქმნის საფრთხეს არა მხოლოდ ევროპას, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთს. რუსეთი არა მხოლოდ რაკეტებს და ჯარისკაცებს იღებს, არამედ ამის სანაცვლოდ მოსკოვი აძლიერებს თეირანსა და ფხენიანს”,- განაცხადა ტაკესიმ.

აშშ-ს, სამხრეთ კორეისა და უკრაინის დაზვერვის შეფასებით, 12000-მდე ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი რუსეთში ქვეყნებს შორის მთავარი თავდაცვის ხელშეკრულების ნაწილის ფარგლებში გაიგზავნა.

დიდი შვიდეულის ლიდერებმა კი შაბათს გაავრცელეს განცხადება. ისინიომის მეათასე დღის მოახლოების ფონზე კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინისადმი მხარდაჭერას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend