მთავარიევროპაუკრაინაუკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი დასავლური რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მიიღო

უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი დასავლური რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მიიღო

გუშინ, 17 ნოემბერს აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას აშშ-ის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა.

ვაშინგტონში ეს გადაწყვეტილება რუსეთში ჩრდილოეთკორეელი სამხედროების განლაგების შემდეგ მიიღეს. პროცესი დააჩქარა არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამაც, რადგან უცნობია, რამდენად გააგრძელებდა მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებას.

გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

„გამარჯვების გეგმა, რომელიც მე ჩვენს პარტნიორებს წარვუდგინე, უკრაინის გაძლიერების უზრუნველსაყოფადაა. შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ჩვენი ჯარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს მედიაში უკვე ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ამ რაკეტების გამოყენების ნებართვა მივიღეთ, მაგრამ თავდასხმები სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები თავად იტყვიან სათქმელს. დიდება უკრაინას!“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მოვლენებიდან რამდენიმე საათში დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინას „სკალპის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცეს.

პარალელურად, 17 ნოემბერს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თავდასხმისას რუსებმა გამოიყენეს 120 რაკეტა და 90 დრონი. მათი სამიზნე ენერგოინფრასტრუქტურა იყო. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევში, აგრეთვე, ქალაქ ოდესაში, მიკოლაივსა და ლვივში. რამდენიმე რაკეტა საცხოვრებელ კორპუსებსაც მოხვდა.

„დღეს რუსეთის ყველაზე მასშტაბური და საშიში თავდასხმა იყო. მათ 210 რაკეტა და დრონი ერთდროულად გამოიყენეს. მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტებიც. საბედნიეროდ, რაკეტების უმრავლესობა ჩამოაგდეს. რუსეთის სამიზნე იყო ენერგო და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ეს არის პასუხი მათთვის, ვისაც ეგონა, რომ პუტინთან დიალოგით, სატელეფონო საუბრებითა და ჩახუტებით რამეს მიაღწევდა“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, რამდენიმე ათეული კი დაშავდა. ვარაუდობენ, რომ მოსკოვი ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშს მკაცრი ზამთრის დადგომამდე გააგრძელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend