ომის 1000 დღე

უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000 დღე გავიდა - მოქალაქეები მემორიალთან შეიკრიბნენ

დროშა ყველა დაღუპული ჯარისკაცისთვის – კიევის ცენტრში იმპროვიზებული მემორიალი ეძღვნება ყველა იმ მეომარს, რომლებმაც საკუთარი ქვეყნისთვის ათასდღიან ბრძოლას შესწირეს თავი.

ომის ათასმა დღემ ეს ადგილი აქცია დროებით მემორიალად, რომელიც ომში დაღუპულთა ნათესავების მიერ შეიქმნა. ადგილზე თითოეული დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად ახლობლებსა და ნათესავებს დროშები მთელი უკრაინიდან  მოაქვთ.

„დროშა მივიტანე. ვინც გაივლის, დაინახოს, რომ ეს ადამიანი ოდესღაც ცხოვრობდა, საკუთარი სიცოცხლე გაწირა ყველა ჩვენგანისთვის. იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფლად შევძლოთ ვისაუბროთ უკრაინულად, ჩვენიანებს შორის ვიყოთ და აქ ძაღლური სახით არ იაროს რუსმა და არ მიმითითოს, რა უნდა გავაკეთო და როგორ ვიცხოვრო“, – ამბობს სვეტლანა კირიჩენკო, დაღუპული ჯარისკაცის დედა.

დამოუკიდებლობის მოედანზე, კიევის ცენტრში სპონტანურად დაწყებული აქტივობა დროთა განმავლობაში გლოვის სიმბოლოდ იქცა.

ომში დაცემული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, დამოუკიდებლობის მოედანი კიევში, უკრაინა, 15 ნოემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Efrem Lukatsky

„ეს ჩემი შვილია, კალპაკოვსკი ნიკოლაი, 28 წლის. 2023 წლის 26 დეკემბერს სტარომაიორსკში დაიღუპა. ძალიან გვაკლია, ის ისეთი კარგი ბიჭი იყო, ცოლი არ ჰყოლია, არაფერი დაუტოვებია, რაც მის თავს გაგვახსენებს. დაწყევლილი იყოს ეს ომი, მე ის მძულს“, – წუხს ირინა კალპაკოვსკაია, დაღუპული ჯარისკაცის დედა.

პირველი დროშები აქ  ომის პირველ წელს, მაისში გაჩნდა. ომის მიმდინარეობასთან ერთად მათი რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება.

მიმდებარე ტერიტორიაზე კი ასევე თითქმის ყოველდღე სამგლოვიარო პროცესიები მიმდინარეობს.

„ვიტალი ფილინი და ალექსეი ლუპინოვი სახლში დაბრუნდნენ, დაბრუნდნენ დაღუპულები. მიაგეთ პატივი, კიეველებო. ისინი თქვენ და თქვენს ოჯახებს იცავდნენ. ჩვენს უკრაინას იცავდნენ. მათ საკუთარი სიცოცხლე ყველა ჩვენგანისთვის გაწირეს“.

დასავლეთის შეფასებით, თითქმის სამწლიანი ომის მიმდინარეობისას რუსეთის აგრესიას 80 ათასამდე უკრაინელი მებრძოლი ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend