მთავარისაქართველოევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს თაობაზე იმსჯელეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს თაობაზე იმსჯელეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა. სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა.

როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე მედიას უთხრა, ის აპირებს წარადგინოს წინადადება საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარების შეწყვეტის შესახებ. საუბარია 100 მილიონ ევროზე. ჯოზეფ ბორელის თქმის, ეს თანხა საქართველოს მთავრობის ნაცვლად ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას უნდა გადაეცეს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სავარაუდო საარჩევნო დარღვევების გამოძიების აუცილებლობას და აღნიშნეს, რომ არსებობს სერიოზული ეჭვები 26 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამავე სხდომაზე ევროპელი ლიდერები მსჯელობდნენ რუსეთ-უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების შესახებაც.

მინისტრებმა შეხვედრის დაწყებამდე განცხადებები გააკეთეს.

„ჩემი შეთავაზებაა, შეწყდეს იმ პროგრამების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისკენ მიედინება. გაიყინება 100 მილიონ ევროზე მეტი და იგი ხელისუფლების ნაცვლად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მოხმარდებათ. ავიღებთ ამ თანხას, დაახლოებით 100 მილიონ ევროს და გადავცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა დავუჭიროთ მხარი სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში. ევროკავშირი კვლავ განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. გაწევრების პროცესი შეჩერებულია მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ დაუბრუნდება პირვანდელ გზას. ამისთვის კი ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. მანამდე ჩვენ მთავრობისთვის გამოყოფილ თანხას გამოვიყენებთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ცხადია, უნდა იყოს გამოძიება. ის რაც მოხდა, სრულად უნდა იყოს შეფასებული. არ შეიძლება თქვა, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოიძიო ის. ჩვენ თავიდანვე ვთხოვდით საქართველოს ხელისუფლებას, გაერკვია ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო საჩივრებთან. ცალსახად უნდა იყოს გამოძიება და ანგარიშვალდებულება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

„პირველ რიგში, რაც შეეხება ლიეტუვის პოზიციას, ჩვენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მივიჩნევთ, მეორე – ლიეტუვამ მოუწოდა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ. იმისთვის, რომ გვქონდეს მკაფიო პასუხები ამ არჩევნებთან დაკავშირებით… რომ რეალურად გავიგოთ, რა მოხდა, ამისთვის გვჭირდება გამოძიება. თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ევროკომისიასთან ამ საკითხზე თანამშრომლობაზე, თუ ის უარს იტყვის გამოძიებაზე, ესეც რაღაცას გვეუბნება. თუ არ სურთ, ვიცოდეთ, რა მოხდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზეა, სინამდვილეს არ შეესაბამება. იქნება თუ არა ამაზე კონსენსუსი ევროკავშირში, ამის თქმა რთულია. ეხება სანქციების დაწესებასაც. ეს იოლი არ არის.

აშშ-ის იზოლაციონიზმზე საუბრისას, ევროპამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავსაც: ხომ არ ადგას იმავე გზას? რატომ ვერ ვპოულობთ გამოსავალს საქართველოსა და ქართველი ხალხის მოთხოვნებისთვის? შესაძლოა, ევროპაც თავის თავში იკეტება. და თუ ასე გაგრძელდა, ეს ძალიან საშიში იქნება საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინისა და თავად ევროპისთვის“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები. თუმცა ამავდროულად ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ გზაზე შენარჩუნება“, – განაცხადა ლუმინიტა ოდობესკუმ, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„განვიხილავთ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ… რადგან ცხადია, რომ მმართველი პარტია არ აპირებს, მიჰყვეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, როგორც ამის პირობას დებდა. საინტერესო დისკუსია იქნება. ჩვენ ქართველ ხალხს ყოველთვის ვუჭერდით მხარს. პირველ რიგში, ცხადი უნდა იყოს, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოში. წესი ასეთია: არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და ჩვენ გვაქვს ეჭვები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ დღეს საქართველოსთან დაკავშირებით, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ჯერ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. ასევე უნდა დაველოდოთ ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვსურს, ვიხილოთ საქართველოს მოსახლეობის ევროპული მომავალი. უამრავ ქართველს სურს ევროპულ გზაზე ყოფნა და მე მათ სრულად ვუჭერ მხარს”, – განაცხადა კასპარ ველდკამპიმ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20

ომის 1000 დღე

spot_imgspot_img
Send this to a friend