მთავარისაქართველოცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა - საარჩევნო ბარიერი ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა...

ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა – საარჩევნო ბარიერი ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა

სხდომაზე ხმაურის, კამათისა და ქუჩაში პროტესტის ფონზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების შედეგები ოფიციალურად შეაჯამა.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი აწერს ხელს, საარჩევნო ბარიერი არჩევნებში მონაწილე 18 პოლიტიკური სუბიექტიდან ხუთმა გადალახა.

სხდომის დასრულების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა, სადაც კენჭისყრის პროცესსა და არჩევნების ადმინისტრირების მხრივ სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დადებით შეფასებებზე ისაუბრა.

გიორგი შარაბიძის განმარტებით, იურიდიულად საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა საფეხური საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ვადებში გაიარა, ამიტომ შემაჯამებელი ოქმის შედგენის კანონიერებასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს.

„გუშინ, საბოლოო ინსტანციის სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. უკიდურესი ვადა 21 ნოემბერი არ არის დათქმული და ბეჭედდასმული ვადა, ეს არის უკიდურესი ვადა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რა თქმა უნდა შეუძლია, თუ ყველა პროცედურა ამოწურულია შემაჯამებელი ოქმი შეადგინოს. მაშინ მეორე კონტრკითხვა შეიძლება არსებობდეს – რატომ უნდა გაწელოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ხელოვნურად ვადა, როცა ყველა იურიდიული საფეხური გავლილია და დასრულებული? ცხადია, შემაჯამებელი ოქმის შედგენის კანონიერებასთან ვერანაირი საკითხი ვერ დადგება – ყველა ვადა და ინსტანცია გუშინ ამოწურული იყო.

საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარება. არჩევნები რომ კარგად ადმინისტრირებული იყო, დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი განცხადებებით, შეფასებებითა თუ დასკვნებით კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საქართველოს 150-დეპუტატიან პარლამენტში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“, 89 მანდატით მოიპოვა. ოპოზიციას კი 61 მანდატი აქვს.

ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას შორის მანდატები ასე ნაწილდება: „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 19, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 16, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ – 14, ხოლო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.

საპარლამენტო მანდატების მოპოვების მიუხედავად, ოთხივე ოპოზიციური პარტია და კოალიცია ცესკოს ოფიციალურ შედეგებს უნდობლობას უცხადებს და საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციის აღიარებას არ აპირებს, მხარდამჭერებს კი 17 ნოემბერს, 17:00 საათზე პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ ახლა პოლიტიკური პროცესები გარდამტეხ ფაზაში გადადის, ამიტომ მომდევნო დღეებში მშვიდობიანი, თუმცა ხისტი პროტესტის ფორმის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეში საქართველოს კანონმდებლობა პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას ითვალისწინებს. შესაბამისად, მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს შეკრება 26 ნოემბერსაა მოსალოდნელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend