ღაზაში პალესტინელები წყლის ობიექტებთან საათობით იდგნენ რიგში, რომ სუფთა სასმელი წყალი მიეღოთ.
ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც დღეში მხოლოდ 3-4 საათის განმავლობაში მუშაობდა, ახლა 24 საათის განმავლობაში ამარაგებს მოსახლეობას სასმელი წყლით.
ისრაელელი სამხედროების ინფორმაციით, ღაზაში სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად, მათ ისრაელის ელექტროენერგიის ქსელს დაუკავშირეს წყლის დისტილაციის ობიექტი, რომელიც ქალაქ დეირ ალ-ბალაჰის დასავლეთით გაერომ ააშენა.
„წყლის დისტილაციის სისტემა დღეს პირველად მუშაობს ისრაელის ელექტროენერგიის ქსელის მეშვეობით და ახლა ის ქაოსი აღარ არის, რაც აქამდე იყო. ახლა შეგიძლია სასმელი წყალი სწრაფად აიღო და უკან დაბრუნდე. აქ წყალი 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი,” – ამბობს იძულებით გადაადგილებული პირი, მუჰამედ ბადავი.
ისრაელის სამხედრო ორგანოში, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებაზეა პასუხისმგებელი, ამბობენ, რომ ქარხანას ისრაელისგან ელექტროენერგია 4 ნოემბრიდან მიეწოდება. თუმცა, პალესტინელები ამტკიცებენ, რომ სისტემამ მუშაობა პირველად 14 ნოემბრიდან დაიწყო.
„წყლის რაოდენობა გაიზრდება. აქამდე გენერატორი შეფერხებით მუშაობდა. ის ხშირად ითიშებოდა. ამ დროს წყალი არ გვქონდა. ახლა წყლის მიწოდება 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი და ცხოვრება ოდნავ გამარტივდება,” – ამბობს იძულებით გადაადგილებული პირი, მუჰამედ შეჰაბი.
წყლის ფილტრაციის სისტემა UNICEF-მა 2017 წელს ააშენა. მას ყოველდღიურად 20,000 კუბური მეტრი წყლის დისტილაცია შეუძლია. ის სასმელ წყალს აწვდის ხან-იუნისს, დეირ ალ-ბალაჰსა და მუვასის ჰუმანიტარულ ზონას.