რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დილიდან დაძაბულობა და არეულობა იყო.
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი ჩაიშალა. დე-ფაქტო მთავრობამ კანონის პროექტი უკან გაიწვია, თუმცა უცნობია, როდემდე.
ეს გადაწყვეტილება მასობრივი და ძლიერი პროტესტის ფონზე მიიღეს. 15 ნოემბერს ე.წ. პარლამენტის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რა დროსაც მომიტინგეები ჯერ დე-ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს შენობის ეზოში, შემდეგ კი შენობაში შეიჭრნენ. სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები შტურმით აიღეს.
შტურმის დაწყებამდე კი ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ დე-ფაქტო მთავრობას მიმართა და მოუწოდა, რომ არ წასულიყო ხალხის წინააღმდეგ.
„ჩვენ აქ შეკრებილები და დეპუტატების ნაწილი მივმართავთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან! მას არ ესმის შექმნილი ვითარების სირთულე და ვერ დარჩება ამ თანამდებობაზე. გასული 4 წლის განმავლობაშიც ვერ ართმევდა ის თავს აფხაზი ხალხის საჭიროებების გადაწყვეტას ისე, რომ ჩვენი ინტერესები არ დაზარალებულიყო. ახლა ყველა ზღვარს გადასცდა. თქვენ ეს ყველამ კარგად იცით. ჩვენ გასულ დღეებში და გუშინ მთელი ღამის განმავლობაში დეპუტატებთან ვცდილობდით კონსტრუქციულ დიალოგს. მივმართეთ მათ, რომ ამ მდგომარეობამდე არ მისულიყო საქმე. ჩვენს შეთავაზებებს ყურადღება არ მიაქციეს. ჩვენ იძულებული გავხდით, რადიკალური ზომები მიგვეღო, რათა ხელი შეგვეშალა და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ მიმართული შეთანხმება არ გაფორმებულიყო. ახლა ბჟანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რუსეთს, აწვდის დეზინფორმაციას ჩვენ შესახებ. თითქოს, ჩვენ თურქეთისა და დასავლეთის ინტერესებს ვატარებთ. ჩვენ ერთხმად ვამბობთ, რომ არავითარი ანტირუსული ინტერესები არ გვაქვს. ეს არის ხალხის ხმა, იმ ხალხის, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვს“, – აცხადებს არძინბა.
მოგვიანებით გავრცელდა ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციონერი ლიდერების ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც, ისინი არ ეწინააღმდეგებიან რუსეთსა და აფხაზეთს შორის მჭიდრო ურთიერთობას და არ მოქმედებენ რუსეთის წინააღმდეგ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი პროტესტის მთავარი სამიზნე ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანიაა, რომელსაც ანტიაფხაზურ ქმედებებში ადანაშაულებენ.
ოპოზიციის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი განცხადების თანახმად, შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად. მოლაპარაკებებში ე.წ. მთავრობას დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერი ლაშა აშუბა წარმოადგენს.
საინვესტიციო კანონის მიღება ოკუპირებულ სოხუმს ოკუპანტმა რუსეთის ფედერაციამ მოსთხოვა.
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ამ ხელშეკრულებას ეკონომიკის წამახალისებლად მიიჩნევს, ხოლო ოპოზიციისთვის ეს აფხაზეთის ინტერესების დათმობის ტოლფასია.
თუ ხელშეკრულების რატიფიკაცია მაინც მოხდა, რუს ინვესტორებს მიენიჭებათ სხვადასხვა სახის პრივილეგია, მათ შორის საგადასახადო პრივილეგიები და შესაძლებლობა, რომ მიწაც მათ მფლობელობაში გადავიდეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები შიშობენ, რომ რუსი ინვესტორების პრივილეგიები კონკურენციას მოსპობს და ადგილობრივ ბიზნესს გაანადგურებს. ახლა ოპოზიციისა და მომიტინგეების მოთხოვნაა, რომ ასლან ბჟანია დე-ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობიდან უპირობოდ გადადგეს. ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციისა და პარლამენტის შენობებში შეჭრილი მოქალაქეები ისევ ადგილზე რჩებიან, მათ შორის ბჟანიას კაბინეტსა და სათათბირო ოთახში.
აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამ დრომდე არ გაუკეთებიათ განცხადება საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებს. ბრიფინგზე ზოგადი განცხადება მხოლოდ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გააკეთა რამდენიმე დღის წინ.
ავტორი: ალეკო გვეტაძე