მთავარიმსოფლიო„თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის”

„თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის”

ევროპის ახალი ხედვა თავდაცვასთან დაკავშირებით

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა მეზობლების მიმართ აგრესიული რიტორიკა გააძლიერა – მათ შორის მოლდოვის, ბალტიისპირეთის ქვეყნების და ნატო-ს წევრი, პოლონეთის წინააღმდეგ.

ამის გათვალისწინებით, ევროპაში სულ უფრო შიშობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ფარული მუქარები სამხედრო ალიანსთან დიდი კონფლიქტის შესახებ შესაძლოა, რეალობად იქცეს.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალ რობ ბაუერმა განაცხადა, რომ ალიანსი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშიში სამყაროს წინაშეა და საბრძოლო ტრანსფორმაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ადმირალის მსგავსად, შვედეთის მთავარსარდალმა გენერალ მიქაელ ბიდენმა შვედებს ომისთვის მენტალურად მომზადება ურჩია. რუსეთის არაპროგნოზირებადობით შეშფოთებულია პოლონეთიც, რომელიც თავდაცვაზე საკუთარი მშპ-ის 4%-ზე მეტს ხარჯავს.

ხოლო, გერმანიამ 2011 წლის შემდეგ, პირველად დაიწყო თავისი სამხედრო და სტრატეგიული დოქტრინის განახლება, რაც ბუნდესვერის ომისუნარიან არმიად გადაქცევას ისახავს მიზნად.

ევროპას რუსული აგრესიისთვის მზადების დაჩქარებისკენ მოუწოდებს ვლადიმირ პუტინის ღია კრიტიკოსი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისიც.

როგორც ექსპერტები ამბობენ, პოლიტიკური ნების არსებობის გარეშე ევროპელი ლიდერების მოწოდებები მხოლოდ მოწოდებებად დარჩება… ეს პოლიტიკური ნება კი ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არ შეინიშნებოდა. თუმცა, ისტორიაში პირველი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისრის თანამდებობის შექმნა ბლოკის გამოღვიძების იმედს აჩენს.

ანდრიუს კუბილიუსმა ამ პოზიციის მომავალ მნიშვნელობაზე ევროპარლამენტარებთან გამართულ მოსმენაზე ისაუბრა.

ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და  თავდაცვის საკითხებში მომავალი ევროკომისრის თქმით, რუსეთმა შესაძლოა ევროკავშირის და ნატო-ს სიმტკიცე ამ ათწლეულის ბოლომდე გამოცადოს.

ანდრიუს კუბილიუსი ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში:

,,ჩვენს წინაშე დგას ეგზისტენციალური საფრთხეები – ომი, კიბერომი, ჰიბრიდული თავდასხმები და კოსმოსის მილიტარიზაცია. სადაზვერვო ცნობები მიანიშნებს, რომ რუსეთმა შესაძლოა ევროკავშირის და ნატო-ს სიმტკიცე ამ ათწლეულის ბოლომდე გამოსცადოს.

ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები ჩამორჩება იმას, რაც მზადყოფნისთვის არის საჭირო.

ჩვენი მოწინააღმდეგეები და სტრატეგიული მეტოქეები მნიშნელოვნად გვისწრებენ. ქვეყნები როგორიცაა – რუსეთი და ჩინეთი. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ამ ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტები ბევრად უფრო მნიშვნელოვნად გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების. როგორც ჩანს, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით, რუსეთი სამხედრო აღჭურვილობისთვის იმაზე მეტს დახარჯავს ვიდრე ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ხარჯავს თავდაცვაზე…“

მეტი სიცხადისთვის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოსკოვმა საკუთარი თავდაცვის ბიუჯეტი თითქმის 300%-ით გაზარდა, ხოლო პეკინმა – 600%-ით.

ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 20%-ს უდრის.

ანდრიუს კუბილიუსი ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში:

,,უპირველეს ყოვლისა ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ პოლიტიკური ნების კონსოლიდაციას. ამაში ევროპარლამენტს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ეს კონსოლიდაცია უნდა მომდინარეობდეს ურთიერთგაგებიდან იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ. როდესაც მოგვდის ცნობები, რომ რუსებს ექვს თვეში შეუძლიათ აწარმოონ ყველაფერი, რაც გერმანიის არმიას აქვს საკუთარ მარაგში… ეს უნდა იყოს გამაფრთხილებელი სიგნალი ყველა ჩვენგანისთვის.“

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მუდმივად უარყოფს დასავლეთის ვარაუდებს ნატო-სთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შესახებ, აშკარაა, რომ იგი ომს სხვა გზებით აფართოებს.

უკრაინაში ჩრდილოეთ კორეული ჯარები იბრძვიან… როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას განაცხადა, რუსეთი ირანს დრონების მიწოდებაში უხდის ფულს, რაც თეირანს ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციაში უწყობს ხელს და ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონების კონფლიქტები სულ უფრო მეტად ერწყმის ერთმანეთს.

ამ ყველაფრის ფონზე სავარაუდოა, რომ ანდრიუს კუბილიუსის როლი თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის პოზიციაზე, შესაძლოა საკმაოდ წონიანი აღმოჩნდეს.

თუმცა, მისი შესაძლებლობები და გავლენის მასშტაბი დიდწილად იქნება დამოკიდებული ევროკომისიის სურვილზე, დააკისროს რეალური პასუხისმგებლობები ევროკომისარს და გამოყოს შესაბამისი ბიუჯეტი ბლოკის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად.

საჭირო თანხის რაოდენობა კი დიდია. მარიო დრაგის ანგარიშის თანახმად, მომავალი ათწლეულის განმავლობაში ევროპის თავდაცვის სექტორს დამატებით 500 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია სჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend