მთავარისაქართველოგავიგოთ რამდენი ვართ…- საქართველოში საყოველთაო აღწერა დაიწყო

გავიგოთ რამდენი ვართ…- საქართველოში საყოველთაო აღწერა დაიწყო

საქართველოში, საყოველთაო აღწერა დაიწყო… ნატალია ყიფშიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც რეგისტრაცია პირველივე დღეს, 14 ნოემბერს გაიარა და ელექტრონული კითხვარიც შეავსო.

საქართველოს მოსახლეობის აღწერის ისტორიაში წელს პირველად ხდება, რომ მოქალაქეები ელექტრონულად შეძლებენ დარეგისტრირებას. ვებგვერდი,  სადაც ეს იქნება შესაძლებელი არის: GEOSTAT.GE

აღწერა 2 ეტაპად წარიმართება – ელექტრონული რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. შემდეგ კი, 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე, ინტერვიუს ჩასაწერად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს  ოჯახებში ესტუმრებიან.

„ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა შევიდეს საქსტატის ვებგვერდზე და დამოუკიდებლად შეავსოს ელექტრონული კითხვარი. მისი შევსების შემდეგ ის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს ელექტრონულად გენერირებულ კოდს, რომელიც მან უნდა წარუდგინოს მასთან სახლში მისულ საქსტატის წარმომადგენელს აღწერაში მონაწილეობის დასადასტურებლად. მეორე ეტაპზე მონაცემები შეგროვდება საქსტატის ინტერვიუერის მიერ თითოეულ ოჯახში მისვლით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით პირისპირ ინტერვიუს გზით მისი მიზანია მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის, ასევე სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის და სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. აღწერას ექვემდებარება საქართველოში მუდმივად მცხოვრები ყველა საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მათი ყოფნის ხანგრძლივობისა“, – ამბობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე.

აღწერის ფარგლებში შეგროვდება ინფორმაცია მოქალაქეთა შინამეურნეობის, ოჯახის შემადგენლობის, საცხოვრებლის კეთილმოწყობის შესახებ, ასევე მოქალაქეობის, ეროვნების, აღმსარებლობის, განათლების დონის, ენების ცოდნის, დასაქმების და ეკონომიკური აქტივობის, მიგრაციის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც შეგროვდება მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია.

ბოლო საყოველთაო აღწერა საქართველოში 2014 წელს ჩატარდა. გაეროს რეკომენდაციით კი ის 10 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს. აღწერა გაეროს თანადაფინანსებით ხორციელდება.

„ ეს არის თანადაფინანსება, სახელმწიფო თავის თავზე იღებს საყოველთაო აღწერის ძირითად ნაწილს, ტექნიკური დახმარება რასაც გულისხმობს ჩვენგან ეს არის  ტაბლეტების შეძენა იმისთვის, რომ ელექტრონულად მოხდეს აღწერის პროცესის წარმართვა, ასევე ტექნიკურ დახმარებას ჩვენ ვუწოდებთ ისეთ მიმართულებას. როცა შედეგები უკვე იქნება მზად ჩვენ შევძლებთ ამ შედეგებზე დაყრდნობით გარკვეული ანალიზის დოკუმენტების მომზადებას, რაც იქნება გამოყენებული უკვე სხვადასხვა სტრუქტურების ასევე ეროვნული პარტნიორების მხრიდან. საქართველო არის დემოგრაფიული ცვლილების წინაშე, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ფერტილობის შედეგად და რადგან ჩვენ ვართ დაბერებადი მოსახლეობა, მნიშვნელოვანია ამ პარამეტრების სწორი აღქმა, რათა გადავთარგმნოთ ეს შესაბამის პოლიტიკაში”, – ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე.

დემოგრაფი გიორგი მელაძე ამბობს, რომ აღწერა ყველაზე ზუსტ მონაცემებს იძლევა მოსახლეობის შესახებ, და რომ ამის გარეშე ქვეყნის განვითარება და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია.

„ თუკი სახელმწიფომ არ იცის რამდენი ჰყავს ქალი, კაცი , ადამიანების რაოდენობა ასაკის მიხედვით, ბავშვების რაოდენობა, ასაკოვანი ადამიანების რაოდენობა… შეუძლებელია ქვეყნის განვითარებაზე საუბარი. ეს მონაცემები გამოსადეგია, სამთავრობო ინსტიტუტებისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის სამეცნიერო კვლევებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ აღწერის მონაცემებს სამომავლო პროგნოზებისთვის, მეცნიერები ვაკეთებთ მომავლის პროგნოზებს, თუ რა და როგორ იქნება ჩვენს ქვეყანაში, რა რაოდენობის მოსახლეობა გვეყოლება, რა ასაკის და ა.შ“, – ამბობს დემოგრაფი, გიორგი მელაძე.

მართალია საყოველთაო აღწერა საქართველოში 14 ოქტომბერს დაიწყო, მაგრამ  ძნელად მისადგომ დასახლებებში, იგი წინასწარ ჩატარდა, რადგან ზამთარში ამინდის შესაძლო გაუარესება სამუშაო პირობებს გაართულებს.

„გავიგოთ რამდენი ვართ“ – სწორედ ეს არის საყოველთაო აღწერის სლოგანი. 10 წლის წინ, მაშინ როცა ბოლო აღწერა ჩატარდა, საქართველოს მოსახლეობა  3 713 804 იყო.  წელს ჩატარებული აღწერის შედეგები კი 2026 წლის ივნისში გახდება ცნობილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend