საქართველოში ჩატარებული არჩევნები, მისი შედეგები და სამომავლო თანამშრომლობა ევროკავშირსა და ჩვენს ქვეყანას შორის – ეს იყო ევროპარლამენტის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი.
ევროპელი დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ისეთი დარღვევებით წარიმართა, რომ მის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს. ამას გარდა, ითხოვენ რომ მთავრობამ შეცვლილი საგარეო კურსი კვლავ ევროპული გზისკენ შემოაბრუნოს, რაც სავალდებულო რეფორმების გატარებითა და ბოლო დროს მიღებული ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმების შემთხვევაში დადასტურდება.
„ამ არჩევნებზე, სამწუხაროდ, სერიოზული დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ვრცელდებოდა, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ისე არჩევნების დღეს.
მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, როგორსაც ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყნისგან ველით. არჩევნების შემდეგ, ათასობით მოქალაქემ მშვიდობიანი დემონსტრაციები გამართა და გამოხატა პროტესტი საარჩევნო პროცესის ამგვარად წარმართვის გამო. ამ აქციებზე ხალხი ევროკავშირის დროშას აფრიალებდა. როდესაც ჩვენ დემონსტრაციის მონაწილეთა ხელში ევროკავშირის დროშებს ვხედავთ, ვიცით, რომ ეს ამბავი ჩვენც გვეხება.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამ ყოველთვის ფონზე, ფაქტობრივად შეჩერებულია. და ეს ძალაში დარჩება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეიცვლის. პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოში.
დეპუტატების ნაწილი კი აღიარებს არჩევნების შედეგებს და „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს.
“„ქართულ ოცნებას“ აქვს ჩემი პარტიის მსგავსი პროგრამა, როგორც პარტია „სმერს“ სლოვაკეთში. ჩვენ ვეწინააღმდეგებით რადიკალურ ლგბტ იდეოლოგიას და მაიდნის მსგავს რევოლუციებს, რომლებსაც დასავლეთი აფინანსებს. ჩვენ გვაქვს პროგრესირებადი ტოტალიტარიზმი, სადაც თავისუფლად აზრის გამოთქმა არ შეიძლება. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგ, რომლის უკანაც დასავლური ძალები იდგნენ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. დემოკრატია დასავლეთისთვის მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ისინი იგებენ. ახლა ისინი ნერვიულობენ, რადგანაც „ქართულმა ოცნებამ“ მათ ოცნებებს ბოლო მოუღო”, – აცხადებს ევროპარლამენტარი სლოვაკეთიდან, ლუბოშ ბლაპა.
ევროპარლამენტში გამართულ დებატებს განსხვავებულად აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან.
„ქართული ოცნების“ წევრები კრიტიკულად განწყობილ ევროპარლამენტარების პოზიციას უსაფუძვლოს და მართულს უწოდებენ. პოზიტიურად განწყობილი დეპუტატების შეფასებებს კი ობიექტურად მიიჩნევენ.
„დამუქრება, თითის ქნევა, რომ თითქოს ქართველ ხალხს დასჯიან, რადგან მათთვის მისაღები და მათთვის მოსაწონი ხელისუფლება და პარტია არ აირჩიეს, კატეგორიულად მიუღებელია. ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის პოლიტიკოსს და ხალხს უნდა ჰქონდეს თავისი აზრი და პოზიცია, ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს, როდესაც ემუქრებიან, რომ ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილებას, შეიძლება, საფრთხე შეექმნას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იქნება ორმაგი, სამმაგი და ათმაგი სტანდარტი, რომელიც ორ თანასწორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მისაღები არ არის.
ძალიან კარგია, რომ ისეთი პოლიტიკოსები და ევროპარლამენტის ისეთი წევრები არსებობენ, რომლებიც ფაქტებს რეალურად აღიქვამენ და არ საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ აღქმების შესახებ. არ ცდილობენ, ნეგატიურ კამპანიაში იყვნენ ჩართულები, როგორც ეს ძალიან უნდათ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ოპოზიციას და იმ აგენტურას, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ ხოლმე“, – აცხადებს „ქართული ოცნების წევრი, არჩილ გორდულაძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით კი ევროპარლამენტში აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიული პროცესია.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები აცხადებენ, რომ ევროდეპუტატების უმრავლესობა ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს და საქართველოსთან დაკავშირებით შესაბამის კრიტიკულ შეფასებებს აკეთებენ.
ოპოზიციური ფლანგის ნაწილი ევროკავშირის სადამსჯელო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს, ოღონდ არა ქართველი ხალხის, არამედ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ.
„ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ევროპარლამენტში დებატები, როდესაც ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როდესაც ჩვენ ევროპელი პარტნიორები არჩევნებამდეც გვეუბნებოდნენ, რომ ეს ევროკავშირის კარი არის ღია თუ საქართველო იქნება დემოკრატიული, ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წყალობით ჩვენ მივიღეთ ის, რომ გუშინ ევროპარლამენტში საუბარი იყო იმაზე, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი. ევროპარლამენტარები დეტალურად საუბრობდნენ ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც, მათ შორის, საკუთარი თვალით იხილეს. ამომრჩევლის დაშინებაზე, ზეწოლაზე, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე, ბიულეტენების ჩაყრაზე, ფარულობის პრინციპის ტოტალურ დარღვევაზე – ამ ყველაფერზე დისკუსიამ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო აღიარება ამ პარლამენტს არ ექნება, რადგან ამ მიტაცებული არჩევნებით საქართველომ დაკარგა ევროინტეგრაციის შანსი, განვითარების შანსი და ეკონომიკური კეთილდღეობის შანსი, რომელიც თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის უნდა ყოფილიყო მიმართული“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ.
ევროპარლამენტში გამართული დებატები წინ უძღოდა 18 ნოემბერს ჩანიშნული, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას, რომელზეც ასევე უნდა იმსჯელონ საქართველოს შემდგომი ევროინტეგრაციის საკითხზე.
უცნობია, რა ფორმით გაგრძელდება ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან, რომელიც ევროპელი ლიდერების განცხადებით ამ ეტაპისთვის შეჩერებულია.
ალეკო გვეტაძე