მთავარიაზიაღაზაღაზაში მოსახლეობა კვლავ ვერ იღებს ჰუმანიტარულ დახმარებას

ღაზაში მოსახლეობა კვლავ ვერ იღებს ჰუმანიტარულ დახმარებას

ალყაში მოქცეულ ღაზის სექტორში, ქალაქ დეირ ალ-ბალაჰში, პალესტინელი მოსახლეობა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მწირია ჰუმანიტარული დახმარება. იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს იმ ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც მცირე რაოდენობით შედის ქალაქში, საათობით რიგებში დგომა უწევთ.

13-თვიანი ომის შემდეგ ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფები და ორგანიზაციები ისრაელელ სამხედროებს ღაზაში დახმარების ტვირთის შეფერხებასა და ბლოკირებაში ადანაშაულებენ. ღაზის სექტორში 2 მილიონზე მეტი პალესტინელი გადარჩენისთვის სწორედ საერთაშორისო დახმარებაზეა დამოკიდებული.

პალესტინელები საკვების რიგში, ღაზის სექტორი Copyright AP Photo/Kareem Hana

სურსათის უსაფრთხოების ექსპერტებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, ჩრდილოეთ ღაზაში შიმშილობა დაწყებულია. იძულებით გადაადგილებული პირი, მასუდ ჯუნდიე ამბობს, რომ მოსახლეობას საჭმლის რიგში დგომა საათობით უწევს.

„ღაზაში ვშიმშილობთ. ჩვენთან არაფერი შემოდის, აქ ვერაფერი აღწევს. მას შემდეგ, რაც გვითხრეს, რომ ღაზაში დახმარებას შემოიტანდნენ, შემოიტანეს მხოლოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები და რაკეტები, რომლებითაც ჩვენს შვილებს ხოცავენ. დავიღალეთ“, – ამბობს ღაზაში მცხოვრები მასუდ ჯუნდიე.

გასულ თვეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღაზაში ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად და იქ დახმარების შესატანად ისრაელს 30-დღიანი ვადა დაუწესა. შეერთებული შტატების პოზიციის მიხედვით, თუკი ისრაელი ამ პირობას არ შეასრულებდა, ქვეყანას სამხედრო დახმარება მნიშვნელოვნად შეუმცირდებოდა.

ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციით, ისრაელმა პირობა ნაწილობრივ შეასრულა და შესაბამისად, სამხედრო დახმარების შეჩერება ამ ეტაპზე დღის წესრიგში აღარ დგას. აშშ კვლავ ითხოვს ისრაელისგან დამატებითი ნაბიჯების გადადგმას.

საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ. რვა საერთაშორისო ჯგუფი მოხსენებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, აშშ-ს მოთხოვნებიდან ისრაელმა 15 ვერ შეასრულა, ხოლო ოთხი მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

„აქ მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ეს კატასტროფაა. აშშ კი, ომის დაწყებიდან მოყოლებული დღემდე, ისრაელის პოზიციას იზიარებს. ამერიკას აქვს შესაძლებლობა ისრაელზე ზეწოლა მოახდინოს, მაგრამ ის ამ გზას არ ირჩევს”, – ამბობს დევნილი, სამი სულთანი.

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანისას საერთაშორისო ორგანიზაციებს მრავალი ბარიერი ხვდებათ. ისრაელელმა სამხედროებმა დახმარების მიტანის ნებართვა გასცეს ღაზას უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ალყის გამო საკვები 1 თვეზე მეტხანს ვერ შედიოდა. თუმცა ნებართვის მიუხედავად გაეროში განაცხადეს, რომ არეულობისა და ადგილზე მყოფი ისრაელის დანაყოფების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო მათ დახმარების დიდი ნაწილის მოსახლეობისთვის მიწოდება ვერ შეძლეს.

იძულებით გადაადგილებული პირი, ნადერ აჰმედი ამბობს, რომ ღაზაში დახმარებას ელიან, თუმცა ის ადგილზე ჯერ არ ჩასულა.

„როგორც ღაზიდან დევნილი ვიტანჯები ამ მდგომარეობით. მხოლოდ ღმერთმა იცის, რა მოხდება. დახმარების მიღების კუპონები არ არსებობს, ხოლო გადარჩენისთვის საჭირო თანხები არ მოიპოვება. მყავს ორი ქალიშვილი, რომლებსაც აქვთ ცერებრალური დამბლა. როდესაც ორგანიზაციებში დახმარების თხოვნით მივდივარ, მეუბნებიან, რომ დახმარება ჯერ არ მოსულა“, – ამბობს ნადერ აჰმედი.

კიდევ ერთი პალესტინელი დევნილი, თაჰრირ ალ-მადჰუნი კი ამბობს, რომ დახმარება, რომელიც ღაზაში შედის, საკმარისი არ არის.

„ფასები არანორმალურად მაღალია, ყველაფერი ძალიან ძვირია. ვერაფერს ვყიდულობთ”, – ამბობს თაჰრირ ალ-მადჰუნი.

ღაზის სამხრეთში ასობით სატვირთო ავტომობილი საზღვართან არის გაჩერებული. გაეროს ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები ისრაელელი სამხედროების მიერ დაწესებული შეზღუდვებისა და ხელოვნური ბარიერების გამო დანიშნულების ადგილამდე ჯერ ისევ ვერ აღწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend