უკვე 12 საათია, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ კოალიციების – „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გაერთიანებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესი 13 ნოემბერს 11:00 საათზე დაიწყო და ძირითადად მოსამართლისა და მოსარჩელეთა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სარჩელები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების მტკიცებებულებებს ეხება. მოსარჩელე მხარეები ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას ითხოვენ.
ერთ-ერთი მოსარჩელის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, კენჭისყრის დღეს დაირღვა კონსტიტუციური პრინციპები – ხმის მიცემის ფარულობა და თავისუფალი ნების გამოხატვის უფლებები. ოპოზიციური კოალიციის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ტოტალური დარღვევის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას იზიარებენ კოალიციაში „ძლიერი საქართველო“, თუმცა სასამართლოში ისინი საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენებისა და ჩარჩო-კონვერტის ფორმაზეც დავობენ. კოალიციის იურისტების შეფასებით, წარმოდგენილი ჩარჩო-კონვერტი ვერ უზრუნველყოფდა ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობას.
პოლიტიკური კოალიციების გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ამავე სხდომაზე წარმოდგენილნი არიან საიას იურისტებიც – პროცესზე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო მათი სარჩელის სხვებისგან განცალკევებულად განხილვა.
სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის განმარტებით, მათი დავა ტექნიკურ უბნებს შეეხება და ამიტომ მათ პროცესზე ამ მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენეს. საქმის მოსამართლემ, ივერი აბაშიძემ, მოსარჩელეთა 11 შუამდგომლობიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, „სამივე სარჩელში ერთი და იგივე მოთხოვნაა წარმოდგენილი, შესაბამისად, შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდება“.
კიდევ ერთი სადავო საკითხი, რომლის განხილვასაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვდა, მარკერებს შეეხებოდა. კოალიციის ლიდერების მტკიცებით, კენჭისყრის დღემდე ერთი დღით ადრე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით“ კომპანია „სმარტმატიკის” ბრენდირებული მარკერები არაბრენდირებულებით ჩაანაცვლა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში „არაბრენდირებული მარკერები ტოვებდა იმ კვალს, რის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის უფლება“.
„ეს თავისთავად გახდა არჩევნების გაყალბების საფუძველი. დღეს, მოსამართლე ივერი აბაშიძეს აქვს შესაძლებლობა, რომ დადგეს ქართველი ხალხის მხარეს, დაიცვას კანონი და საქართველოს კონსტიტუცია ან მიტაცებული არჩევნების გამართლების პოლიტიკური დავალება შეასრულოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიტაცების მცდელობა და ივანიშვილის სხვა პაიკებთან ერთად მას შეუძლია საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდეს ან ისტორიის ნათელ მხარეს, სადაც დაიცავს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონს და ქვეყნის ევროპულ მომავალს ან დაეხმაროს ივანიშვილს მოპარული არჩევნების მიტაცებაში“, – განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციის ლიდერების ბრალდებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. საარჩევნო ადმინისტრაციამ გავრცელებულ ინფორმაციას „სრული სიცრუე“ უწოდა, რომლის მიზანი „საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“. ცესკოს განმარტებით, მარკერები მათ კომპანია „სმარტმატიკმა” მიაწოდა, რასაც კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტები მოწმობს. ცესკო განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაშია განთავსებული.
სასამართლო სხდომაზე ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სანტურიანმა, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 26 ოქტომბერს ხმის მიცემის ფარულობა არ დარღვეულა და რომ ცესკომ ამომრჩევლებს ყველა პირობა შესთავაზა ფუნდამენტური უფლების სრულფასოვნად განხორციელებისთვის.
ცესკოს საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოსაქვეყნებლად ვადა 21 ნოემბრამდე აქვს. ჯერ არ არის ცნობილი, შეიცვლება თუ არა ამ ოქმში არჩევნების შედეგების შესახებ ოფიციალური მონაცემები.