აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის ახალი წევრების ვინაობა უკვე ცნობილია. აშშ-ის არჩევნების დასრულების შემდეგ ამერიკული მედია განუწყვეტლივ საუბრობდა იმ შესაძლო კანდიდატებზე, რომლებსაც დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან თანამდებობებზე წარადგენდა.
იქამდე ტრამპმა ღიად განაცხადა, რომ თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი 67 წლის სუზი უაილზი იქნებოდა, გაეროში აშშ-ის ელჩი – ელის სტეფანიკი, საზღვრების კონტროლს კი თომას ჰომანი ჩაიბარებდა. გუშინ, 12 ნოემბერს, ტრამპმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ პრეზიდენტის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცს დანიშნავს. უოლცი მუდმივად აკრიტიკებდა ჩინეთს. ამავდროულად, ის სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ უჭერდა მხარს უკრაინისთვის უფრო მეტი იარაღის მიწოდებას.
ყველასთვის მოულოდნელი იყო, როცა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე Fox News-ის წამყვანი, პიტ ჰეგსეთი წარადგინა. რესპუბლიკელ სენატორებს არც ეგონათ, თუ ასეთი კანდიდატურა არსებობდა. თუმცა ჩრდილოეთ კაროლინის სენატორის ტედ ბადის თქმით, ჰეგსეთი შესანიშნავი პიროვნებაა, რომელსაც სენატში მხარს აუცილებლად დაუჭერს. პიტ ჰეგსეთს სამხედრო სამსახურში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს. ის მონაწილეობდა ავღანეთისა და ერაყის მისიებში. პიტ ჰეგსეთს იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ღიად ეწინააღმდეგებოდა თავდაცვის დეპარტამენტში წამყვან თანამდებობებზე ქალების დანიშვნას.
დონალდ ტრამპის თქმით, 2026 წლისთვის მთავრობის ეფექტიანობის უზრუნველყოფის დეპარტამენტიც შეიქმნება. დეპარტამენტის ხელმძღვანელად ტრამპმა ამერიკელი ბიზნესმენი და გამომგონებელი ილონ მასკი და რესპუბლიკელი ვივეკ რამასვამი წარადგინა. ტრამპი ამბობს, რომ დეპარტამენტი უსარგებლო ხარჯებს შეამცირებს, გააკონტროლებს ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობას, შეამსუბუქებს ფუჭ რეგულაციებს და დაასრულებს ბიუროკრატიას. თავად ილონ მასკი ამბობს, რომ ბიუჯეტი იქნება ისეთი გამჭვირვალე, როგორიც არასდროს ყოფილა და თუ აშშ-ის რომელიმე მოქალაქეს კითხვა გაუჩნდება ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით, მას პასუხის მიღება სწორედ ამ დეპარტამენტში შეეძლება.
კვლავ უცნობია, თუ ვინ იქნება გენერალური პროკურორი. ტრამპის გუნდი ამბობს, რომ ეს თანამდებობა კაბინეტში მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მისი დახმარებით უნდა შესრულდეს წინასაარჩევნო დაპირებები, როგორებიცაა არალეგალური მიგრაცია, იარაღის კონტროლი, ჯანდაცვის სფერო და სხვა.