FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო საქართველოს სპეციალური ვიზიტით ესტუმრა.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მიმდინარე საფეხბურთო პროექტებს გაეცნო.
მან დაათვალიერა ყოფილი „ავაზას ბაზის” ტერიტორიაზე მიმდინარე დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც FIFA-ს თანადაფინანსებით მიმდინარეობს და ასევე მიხეილ მესხის სტადიონზე ქართულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ვნახეთ ის ობიექტები, რომლებიც აქ FIFA-ს დაფინანსებით შენდება. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დიდი სამუშაო გასწია, უამრავი პროექტი განახორციელა, მაგალითად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ეს, მართლაც, ძალიან კარგი არენაა.
ვეცნობით საქართველოს განაცხადსა და პოტენციალს მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობაზე. ამ პროცესზე დადებითად იმოქმედებს საქართველოში 2023 წელს ჩატარებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა, ამიტომ, ამ შესაძლებლობას განვიხილავთ“, -ამბობს ჯანი ინფანტინო, ფიფას პრეზიდენტი.
საქართველოში FIFA-ს დელეგაციასთან ერთად ასევე იმყოფება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი.
„მე ფრანგი ვარ. საფრანგეთში დავიბადე, თუმცა ჩემი ფესვები სომხეთიდან მოდის. ქართველები და სომხები კი ძმები ვართ. ამიტომ, ძალიან მიხარია, აქ რომ ჩამოვედი. მნიშვნელოვანია, რომ FIFA-ს პრეზიდენტთან ერთად ვიმყოფები საქართველოში. ქართული ფეხბურთი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად განვითარდა. FIFA-ს კი მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს მსგავსი ქვეყანა, რომელიც შედარებით პატარა ქვეყანაა, განვითარდეს და ჩვენ ეს წინსვლა დავინახოთ.
რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ ვილი სანიოლის გამო, რომელიც თქვენი მთავარი მწვრთნელია. მე მას 5 წუთის წინ ვესაუბრე. მან აქ შესანიშნავი სამუშაო გასწია. იმის, რაც თქვენ როგორც გუნდმა, როგორც ქვეყანამ, ევროპის ჩემპიონატზე აჩვენეთ – ქართული ფეხბურთი, ქართული მენტალიტეტი, ქართული გულშემატკივრობა – ამ ყველაფრის ხილვა მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი იყო”, – ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი.