მთავარისაქართველო„არასტაბილური წელი” - საქართველოში მიმდინარე მოვლენები ტურიზმზე უარყოფითად მოქმედებს

„არასტაბილური წელი” – საქართველოში მიმდინარე მოვლენები ტურიზმზე უარყოფითად მოქმედებს

ზაფხულის ტურისტული სეზონი დასრულდა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები სეზონს არაერთგვაროვნად აფასებენ. მათი თქმით,  ტურისტების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, 2024 წელი არასტაბილური იყო და საქართველოში წელს იმდენი ტურისტი არ ჩამოვიდა, რამდენსაც დასაწყისში ელოდნენ. ტურიზმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტურიზმზე უარყოფითი გავლენა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა იქონია. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისა და საპროტესტო აქციების შედეგად ბევრი ჯავშანი გაუქმდა.

ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ გაზაფხულზე, წარმატებული ზამთრის სეზონის შემდეგ, „უცხოური გავლენის“ კანონის ხელმეორედ განხილვამ ტურისტული კომპანიები საგრძნობლად დააზარალა.

„როგორც კი გვიან გაზაფხულისთვის, ზაფხულისა და შემოდგომისთვის ახალი ჯავშნების შემოსვლა დაიწყო, მას „რუსული კანონის“ განხილვა დაემთხვა, რაც პირდაპირ აისახა რიცხვებში იმ მხრივ, რომ ახალი ჯავშნების რაოდენობა თითქმის მინიმუმამდე დაეცა. ძველი ჯავშნები რაც იყო, იმათაც კბილებით ვიჭერდით, რომ არ გაეუქმებინათ. რა თქმა უნდა, ტურიზმმა ის მაჩვენებელი ვერ დადო, რაც მას უნდა დაედო“, – ამბობს ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების თქმით, იცვლება ტენდენციები და ის ქვეყნები, საიდანაც ტურისტები  ჩამოდიან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა, 2023 წელთან შედარებით, 43% პროცენტით იყო გაზრდილი, თუმცა კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების შემდეგ ეს მაჩვენებელი მეორე და მესამე კვარტალში 2-2%-ით შემცირდა. უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის აზიის ქვეყნებიდან. ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა.

ცოტნე ჯაფარიძის თქმით, მინიმუმამდეა დასული იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც მიზნობრივ ბაზრებად გამოცხადებული ქვეყნებიდან არიან. ასეთებია: დასავლეთ ევროპის ქვეყნები, აშშ, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთი კორეა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩამოსული ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს ვერ გაუთანაბრდა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მიმდინარე წელს წარმატებულად აფასებენ, რადგან ამ დროისთვის საქართველოს უკვე 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ხოლო 2024 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში ტურიზმი, 2019 წელთან შედარებით, დაახლოებით 85%-ით აღდგა. ამ დროის განმავლობაში კი საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.46 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო და გასულ წელთან შედარებით 6.4%-ით გააუმჯობესა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაია ომიაძე ამბობს, რომ ადმინისტრაციის ერთ-ერთი მიზანი ბაზრის დივერსიფიკაციაა, რომ ქვეყანა ერთ კონკრეტულ ბაზარზე არ იყოს დამოკიდებული, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.

„როგორც კი უკრაინიდან შემცირდა ტურისტების ნაკადი, ჩვენ მალევე შევძელით, რომ ეს საერთო სტატისტიკას არ დასტყობოდა. გადავერთეთ და უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიყვანეთ სხვა სტრატეგიული ქვეყნიდან“, – ამბობს მაია ომიაძე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მსგავსად, 2024 წელსაც საქართველოს საზღვარს ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეები კვეთენ. ტურიზმის სექტორში ამბობენ, რომ რთულია იმის გარკვევა, რა მიზნით იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეები საქართველოში – ტურისტებად თუ აქ დასამკვიდრებლად. სექტორის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ რუსი ვიზიტორები საქართველოში გაცილებით ნაკლებ თანხას ხარჯავენ, ვიდრე ევროპელი ტურისტები.

„რესტორანთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ რუსი ტურისტი საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. მისი თქმით, წელს რუსეთის მოქალაქეები ძირითადად ზღვისპირეთში ჩამოვიდნენ, რომლებმაც უძრავი ქონება შეიძინეს.

„რეალურად ჩვენ რაც უფრო დავცილდებით ამ მიმართულებას, ქვეყნისა და ტურიზმის განვითარებისთვის, ეს უკეთესი იქნება. ის, რომ დღესდღეობით ვინმეზე უარი ვთქვათ, ეს რეალურად არ შეიძლება, რადგან ნებისმიერი ადამიანი უნდა მივიღოთ, მაგრამ ყურადღება ევროპისკენ უნდა გადავიტანოთ“, – ამბობს შოთა ბურჯანაძე.

„რესტორანთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა უმნიშვნელოვანესია და მის გარეშე ქვეყანას დამატებითი ტურისტის მოზიდვა გაუჭირდება.

„ის გაუგებარი რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა, შემაფერხებელი იქნება. ვფიქრობ, რომ ზუსტად, სწორად უნდა გადაიდგას ნაბიჯები. ჩვენი გზა არის ევროპისკენ და, შესაბამისად, ევროპისკენ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც ევროპელ და განვითარებული ქვეყნის ტურისტს მოგვიზიდავს“, – ამბობს შოთა ბურჯანაძე.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ გაიზრდება იმ მოგზაურთა რაოდენობა, რომლებიც მეტ თანხას დახარჯავენ საქართველოში და ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუ ევროპიდან გაცილებით მეტი ტურისტი ჩამოვა.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend