მარკო რუბიო

53 წლის სენატორი, ავტორიტარული სახელმწიფოებისადმი „ხისტი” პოლიტიკის მომხრე – ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მარკო რუბიოს მიენდოს.

საგარეო პოლიტიკის „ქორად” წოდებული მომავალი სახელმწიფო მდივანი, სენატში ფლორიდის შტატის წარმომადგენელი და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩინეთისა და ირანისადმი მკაცრი პოზიციით არის ცნობილი.

მან ჩინეთს აშშ-ის ცოცხალ მეხსიერებაში ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე უწოდა. ხშირად აკრიტიკებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ადამიანის უფლებების დარღვევების, სავაჭრო პრაქტიკისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აგრესიული ქმედებებისთვის. წლებია იგი მხარს უჭერდა ჩინეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის პოლიტიკას, მათ შორის სანქციებისა და ტექნოლოგიების გადაცემაზე შეზღუდვების დაწესების გზით.

მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დანიშვნის შემთხვევაში მარკო რუბიო შეინარჩუნებს მტკიცე პოზიციას ჩინური გავლენის წინააღმდეგ და გააძლიერებს პარტნიორობას ინდოეთთან, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან.

რუბიო იმ 11 ამერიკელ ოფიციალურ პირს შორისაა, რომელსაც 2020 წელს პეკინმა სანქციები დაუწესა, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ თავის მხრივ, დაასანქცირა ჩინეთის 11 მოქალაქე ჰონგ-კონგში პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვის გამო.

რაც შეეხება რუსეთის ომს უკრაინაში, მარკო რუბიო კონფლიქტის მოგვარების გზად მოლაპარაკებას მიიჩნევს. მას არაერთხელ უთქვამს, რომ მხარს უკრაინას უჭერს, 2022 წელს კი ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა. „მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება, სამოქალაქო ობიექტების, საავადმყოფოების განურჩეველი დაბომბვა, ცეცხლის გახსნა ადამიანებისთვის, რომლებიც ჰუმანიტარული კორიდორით ცდილობენ გასვლას – ეს დე-ფაქტო სამხედრო დანაშაულია”, – თქვა რუბიომ 2022 წელს.

მიუხედავად ამისა, მარკო რუბიომ 2024 წლის თებერვალში მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას. მან ამ საკითხზე, დონალდ ტრამპის ხელახლა პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც ისაუბრა. რესპუბლიკელი სენატორის თქმით, ომი ჩიხშია შესული და თუ იგი მალე არ დასრულდა, უკრაინის აღდგენას შესაძლოა საუკუნე დასჭირდეს.

„ვის უნდა ომი? ტრამპი ამბობს, რომ ომის დასრულება სურს. როგორც ბიზნესმენი ის არ აპირებს, გაამხილოს მოლაპარაკების ტაქტიკა, მაგრამ არ მესმის, რატომ არ უნდა გვინდოდეს მსგავსი ომის დასრულება. ეს პუტინის თაყვანისცემას არ ნიშნავს.

ბაიდენის ადმინისტრაცია ამას საჯაროდ არ აღიარებდა, მაგრამ გეტყოდნენ, რომ ისინი ჩიხში შესულ ომს აფინანსებენ. უკრაინელი ხალხი ძალიან მამაცად აღუდგა წინ რუსეთს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ომი ჩიხშია შესული და ამას ვაფინანსებთ ჩვენ. ომი უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა 100 წლით დაიხევს უკან. ეს არ ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინთან ერთად ვიზეიმებთ, მაგრამ უნდა მოვუხმოთ საღ აზრს”, – აცხადებს მარკო რუბიო.

რუბიო მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, მან „ჰამასის“ წევრებს „სასტიკი ცხოველები“ უწოდა და ის ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას უჭერდნენ მხარს, სუბორდინაციაში დაადანაშაულა. მისი სახელმწიფო მდივნად დანიშვნა დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე მეტყველებს.

როგორ ექსპერტები ამბობენ, აშშ-ის მხრიდან NATO-ს წევრი ევროპული სახელმწიფოების კრიტიკა, რომელიც თავდაცვაზე გაწეულ ხარჯებს უკავშირდება, ქვეყანას საკუთარ ინტერესებზე ფოკუსირებისკენ უბიძგებს. ტრამპის პოზიციას იზიარებს რუბიო. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებმა კონტინენტის უსაფრთხოება საკუთარ თავზე უნდა აიღონ.

„გერმანიას, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს საკმარისზე მეტი უნარი აქვთ გაუმკლავდნენ მათი აღმოსავლეთით მდებარე ბირთვული იარაღით შეიარაღებულ მეომარ ქვეყანას“, – დაწერა მარკო რუბიომ „ამერიკელ კონსერვატორში“.

აპრილში მან მხარი არ დაუჭირა ისრაელის, უკრაინისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის დახმარების კანონპროექტს. როგორც რუბიომ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ მას დახმარების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, იგი კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერდა, რადგან აშშ საკმარის ძალისხმევას არ იყენებს საშინაო საკითხების მოსაგვარებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend