მთავარიევროპაგერმანიაგერმანია ახალ ბუნდესტაგს, სავარაუდოდ, 23 თებერვალს აირჩევს

გერმანია ახალ ბუნდესტაგს, სავარაუდოდ, 23 თებერვალს აირჩევს

გერმანია ახალ ბუნდესტაგს, სავარაუოდოდ, 23 თებერვალს აირჩევს. გერმანული მედიის ცნობით, რამდენიმედღიანი დისკუსიის შემდეგ ქვეყნის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია და ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღზე შეთანხმდნენ.

ეს თარიღი კანცლერ ოლაფ შოლცსა და კონსერვატიული ოპოზიციის ლიდერ ფრიდრიხ მერცს შორის გარკვეულ კომპრომისად არის მიჩნეული. ოლაფ შოლცის თანახმად, არჩევნები მარტის შუა რიცხვებში უნდა დაგეგმილიყო, რათა საკმარისი დრო ყოფილიყო კენჭისყრის სათანადოდ ორგანიზებისთვის ქვეყანაში, სადაც 60 მილიონზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

თუმცა ეს მოსაზრება უარყო მერცმა, რომლის თანახმადაც, ეკონომიკური და დიპლომატიური კრიზისის დროს ქვეყნის ხელმძღვანელობის გარეშე დატოვება დაუშვებელია და არჩევნების იანვარში გამართვის წინადადება წარადგინა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიდერებმა კომპრომისს 12 ნოემბერს მიაღწიეს. მოგვიანებით ასევე დაგეგმილია სპეციალური სესია სამომავლო ნაბიჯების განსახილველად.

გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა ფინანსთა მინისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ფაქტობრივად დაიშალა მმართველი კოალიცია, რომელიც „სოციალ-დემოკრატებს“, „მწვანეებსა“ და „თავისუფალი დემოკრატებს“ აერთიანებდა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, კანცლერი ოლაფ შოლცი ნდობის გამოცხადებისთვის კენჭისყრას 16 დეკემებრს გამართავს, რის შემდეგაც თებერვლის არჩევნებს გაეხსნება გზა. ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა კანცლერის თანამდებობაზე კენჭისყრის სურვილი უკვე გამოთქვა.

გამოკითხვებში 33%-ით ფრიდრიხ მერცის ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი” ლიდერობს, ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამოკითხულთა 18% უჭერს მხარს, ხოლო მას მოჰყვება გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტია” – 16%-ით.

არჩევნების დანიშვნის საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უნდა მიიღოს. თუმცა, გერმანელების დიდი უმრავლესობა, 84% ვადამდელი არჩევნების მომხრეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend