გაეროს კლიმატის ყოველწლიური კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა. წელს ეს ღონისძიება ტარდება აზერბაიჯანში. ქვეყანაში, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი მომპოვებელია ბუნებრივი წიაღისეულის. თუმცა, ეს ამბავი პარადოქსულად არ მიაჩნიათ აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს. მათი თქმით, არალოგიკურია აკრიტიკებდე ბაქოს წიაღისეულის მოპოვებისთვის, როცა მის გაზსა და ნავთობს ყველაზე მეტად კლიმატმეგობრულობაზე ორიენტირებული ევროკავშირის ქვეყნები ყიდულობენ.
დღეს, 12 ნოემბერს, სამიტის გახსნაზე მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაეროს პლატფორმა ძირითადად იმისთვის გამოიყენა, რომ კიდევ ერთხელ შეეხსენებინა მსოფლიოსთვის მისი გამარჯვება მთიანი ყარაბაღის მეორე ომში.
„ევრაზიის ენერგეტიკული და სატრანსპორტო რუკები უკვე შეცვალეს აზერბაიჯანის მიერ ინიციირებულმა მეგაპროექტებმა, რომლებმაც განაპირობა ნაყოფიერი მრავალეროვნული თანამშრომლობა. მიუხედავად სომხეთის 30-წლიანი ოკუპაციისა, აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების თითქმის 20%-ისა, მიუხედავად ეთნიკური წმენდისა და დეპორტაციისა, ჩვენ შევძელით ძლიერი ქვეყნის აშენება თვითკმარი ეკონომიკითა და დამოუკიდებელი პოლიტიკით“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
დღეს, 12 ნოემბერს, სომხეთის დელეგაცია ბაქოში ნამდვილად არ არის და 11 ნოემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ერევანში ჯერ ისევ არ გადაუწყვეტიათ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას COP 29-ში, რომელიც 22 ნოემბრამდე გასტანს ქალაქ ბაქოში. ბაქოსა და ერევანს შორის ბოლოდროინდელი დიალოგების გათვალისწინებით, იყო იმის შანსი, რომ სომხეთს ეს ნაბიჯი გადაედგა.
წლევანდელი კონფერენცია არ არის ისეთი წარმომადგენლობითი, როგორც წინა წლებში. წელს ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, მდიდარ ქვეყნებს მეტი ფული დაახარჯვინონ კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ღარიბი ქვეყნების ნაცვლად. თუმცა, მთავარი ამბავი ის არის, რომ კონფერენციას ლიდერის დონეზე არ ესწრება ის, ვინც ყველაზე მეტ ფულს დებს ამ საქმეში, ანუ ვაშინგტონი.
ცნობილი ფაქტია, რომ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კლიმატის ცვლილებას სკეპტიკურად უყურებს, პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლას გეგმავს და აპირებს პირველივე დღეს გააჩეროს ქარის ელექტროსადგურების პროექტები იმ მიზეზით, თითქოს ისინი საფრთხეს უქმნიან ვეშაპებს. კლიმატის საკითხებში ამერიკის ეროვნული მრჩეველი, რომელიც ბაქოში იმყოფება, ამბობს, რომ ამერიკა ჩვეულ პოლიტიკას გააგრძელებს მიუხედავად ტრამპის სკეპტიციზმისა…
ბაქოშია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, ის დაესწრო სამიტის გახსნის სესიასა და მაღალი დონის შეხვედრების გახსნას. ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოდის, მონაწილეობს პანელურ დისკუსიებში და ღონისძიების პროგრამის მიხედვით მან აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლებთან ერთად უნდა განიხილოს მწვანე ენერგიის ევროპული ქვეყნებისთვის მიწოდების პროექტიც.
ბაქოში კლიმატის სამიტს ლიდერების დონეზე არ ესწრება 13 ქვეყანა, რომელთაც გარემოს დაბინძურებაში 70%-იანი წილი აქვთ. იქ არ არის არც ჯო ბაიდენი და არც სი ძინპინი. ამიტომ, წელს ექსპერტებს ეჭვები აქვთ, თუ რამდენად ერთსულოვანია მსოფლიო კლიმატის ცვლილებების შედეგებთან ბრძოლაში.
უჩვეულო პრეცედენტია, მაგრამ ბაქოში ჩავიდა „თალიბანის” დელეგაცია. გაერო არ აღიარებს „თალიბანს” ავღანეთის ლეგიტიმურ მთავრობად და ქაბულის დელეგაცია ბაქომ დამკვირვებლის სტატუსით მიიწვია, თუმცა ავღანეთში ბოლო დროს მომხდარი სტიქიების ფონზე, როგორც ჩანს, „თალიბანისთვის” კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა უფრო საინტერესო თემა გახდა. მით უმეტეს, როცა იციან, რომ ფულს მათ ნაცვლად სხვა გადაიხდის.
ავტორი: სოფო მაქაცარია