„მანამ, სანამ ოვალურ კაბინეტში შევალ, დავასრულებ ამ საშინელ ომს რუსეთსა და უკრაინას შორის“, – ეს განცხადება პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გააკეთა.
კამპანიის ფარგლებში დონალდ ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მიდგომას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. იგი მუდმივად საუბრობდა მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროებაზე და ამბობდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ორივე მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანით ომს სწრაფად, ინაუგურაციამდე მოაგვარებდა. ემიგრანტების მასობრივ დეპორტაციასთან ერთად სწორედ ეს იყო დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება.
ტრამპის გარემოცვიდან წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს, რომ შესაძლოა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი გამოვიდეს ინიციატივით, რომ ბრიტანულმა და ევროპულმა ჯარებმა რუსეთისა და უკრაინის არმიებს შორის 1000-ზე მეტი კმ-ის ბუფერული ზონა უზრუნველყონ.
გეგმის განხორციელების შემთხვევაში გაიყინება ფრონტის ამჟამინდელი ხაზი და ვაშინგტონი ომის განახლების არდასაშვებად უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღს მიაწვდის. სანაცვლოდ კიევს მოუწევს ნატო-ში გაწევრების მისწრაფება 20 წლით გადაავადოს.
ტელეგრაფის მიერ გავრცელებული გეგმით არ არის გათვალისწინებული ბუფერულ ზონაში ამერიკის ჯარების გაგზავნა, არც აშშ-ის მხრიდან მისიის ფინანსური უზრუნველყოფა.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკვე ესაუბრა. მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ლიდერებმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დამყარების მიზანი განიხილეს, ტრამპმა კი დიალოგის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
ეს ინფორმაცია უარყო კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. მან „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრული სიცრუე უწოდა. ხოლო პასუხად შეკითხვაზე, ელის თუ არა კრემლი კონფლიქტის ესკალაციას, პესკოვმა განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.
„ეს არის სრული სიცრუე, გამოგონილი ამბავი. უბრალოდ ცრუ ინფორმაცია. ვუყურებთ, როგორ ღელავენ და შფოთავენ ევროპელები ბატონი ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის გამო. შევხედავთ, როგორ განვითარდება ურთიერთობები ორივე მხარეს.
ევროპელი ლიდერები განაგრძობენ ჩვენი სტრატეგიული მარცხისკენ სწრაფვას. ჩვენ, თავის მხრივ, გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას მანამ, სანამ არ მივაღწევთ ყველა დასახულ მიზანს. ოპერაციის დინამიკა კარგად ესმით სამხედროებს. კარგად ესმით, რა ხდება და ალბათ, იმის აღნიშვნაც მნიშვნელოვანია, რომ ვერანაირი იარაღი ამ დინამიკას ვერ შეცვლის”, – ამბობს დიმიტრი პესკოვი, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი.
დასავლეთის სურვილზე იხილოს წაგებული რუსეთი, ვლადიმერ პუტინმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს მისწრაფება, მიაყენო სტრატეგიული მარცხი ქვეყანას, რომელსაც ბირთვული იარაღის ყველაზე დიდი არსენალი აქვს, დასავლელი პოლიტიკოსების უზომო ავანტიურიზმზე მეტყველებს.
ამ ეტაპზე ბუნდოვანია, ზუსტად როგორ შეძლებს დონალდ ტრამპი თავიდან აირიდოს 2014 და 2015 წლების მინსკის შეთანხმების მსგავსი მარცხის გამეორება.
როგორც „ტელეგრაფის” სტატიაში ვკითხულობთ, რუსეთს ამ ეტაპზე მშვიდობის დაუყოვნებლივ დამყარების სურვილი არ აქვს, რადგან მისი ჯარი ბრძოლის ველზე წინ მიიწევს, ხოლო კრემლში სჯერათ, რომ რუსეთის ფედერაციას უკრაინაში ომის გასაგრძელებლად სულ მცირე, დამატებით ერთი წლის რესურსი აქვს.