მთავარისაქართველოსაქართველოს ევროპელი პარლამენტარების დელეგაცია სტუმრობს

საქართველოს ევროპელი პარლამენტარების დელეგაცია სტუმრობს

„ეს არის კიდევ ერთი ნიშანი ევროპული მხარდაჭერის, იმის, რომ ევროპა ხელიდან არ გვიშვებს და მას საქართველოსი ჯერ კიდევ სჯერა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია.

თბილისს ევროკავშირის წევრი რვა სახელმწიფოს პარლამენტარების დელეგაცია სტუმრობს. გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, ესტონეთის, პოლონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს პრეზიდენტს 11 ნოემბერს შეხვდნენ. განხილვის თემა, ბუნებრივია, 26 ოქტომბრის არჩევნები, მასთან დაკავშირებული დარღვევები და ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობა იყო. დელეგაცია უკვე შეხვდა ოპოზიციის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს, თუმცა ევროპელ პარლამენტარებთან შეხვედრაზე უარს აცხადებს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე.

„კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ერთად ვნახოთ ის გზები, რომლითაც შეიძლება საქართველო ამ კრიზისიდან გამოვიდეს. ამ კრიზისიდან გამოვალთ მხოლოდ რაღაც მომენტში და რაღაც ფორმით, სამართლიანი ფორმით დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა. ეს არის ჩვენი გზა. ჩვენი გზა არის სტაბილურობის, დემოკრატიისა და ევროპის გზა. სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს და ჩვენი მეგობრები, ვინც აქ არიან, ჩვენთან ერთად, ამაში ღრმად დარწმუნებული არიან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრებმა მედიის კითხვებს უპასუხეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიევროპულ ტრაექტორიას შეინარჩუნებს და თუ არ გააუქმებს იმ სადავო კანონებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო თვეების განმავლობაში მიიღო, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების შეჩერებული პროცესი ვერ აღდგება.

„სანამ ნათელი არ მოეფინება ამ არჩევნებს, ევროკავშირი ვერ აღიარებს მას, როგორც ლეგიტიმურს. თუ ეს ბრალდებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც პასუხს აგებს ამომრჩეველთა მანიპულაციასა და დაშინებაზე. დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ხელიხელ ჩაკიდებული უნდა მიდიოდნენ და მან, ვინც ძირს უთხრის ამ პრინციპებს, ამისთვის უნდა გადაიხადონ. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეწყვეტაც, რაც ყველაზე დიდი მიღწევაა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენთვისაც. მაგრამ საბოლოოდ, სიტუაცია სერიოზულია და მაგიდაზე უნდა დავდოთ ყველა ვარიანტი, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“, – განაცხადა მიხაილ როთმა, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან შეხვედრას არ აპირებს, შალვა პაპუაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დელეგაციის ზოგიერთ წევრს, „საქართველოსადმი მრავალჯერ გამოვლენილი არამეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე“, სხვაგვარი მოლოდინი არც უნდა ჰქონოდა.

„საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ დელეგაციის ზოგიერთი წევრის არამეგობრული რიტორიკა და ქმედებები, რომელთა მომსწრენი ვართ უკანასკნელი ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, აგრეთვე, ხელს უშლის საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიული სტაბილურობის შენარჩუნებაზე მიმართულ ჩვენს ძალისხმევას. შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესდე. 26 ოქტომბრის არჩევნებში უცხოურ ჩარევას ქართულმა საზოგადოებამ მკაფიოდ უპასუხა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ” მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა“, – წერია შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დელეგაციის წევრებმა ამგვარად უპასუხეს:„ჩემთვის გასაოცარია, როცა პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ მე არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები. ეს ჩემთვის იმის სრული უარყოფაა, რასაც დემოკრატია წარმოადგენს“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ფრედერიკ პეტიმ.

„როდესაც დღეს მმართველი პარტია გვისვამს კითხვას, რა გაძლევთ უფლებას, რომ აქ იმყოფებოდეთ, გიპასუხებთ, რომ მე აქ ვიყავი გარდაცვლილ პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როცა თბილისი საფრთხეში იყო. მე ვიყავი აქ, თბილისში, ლიეტუვის პრემიერმინისტრსა და ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად. მე დავაორგანიზე ეს ვიზიტი, როგორც სახელმწიფო მდივანმა. ჩვენ აქ ჩამოვედით, როდესაც თბილისი რუსული შემოტევის პირდაპირი საფრთხისა და წნეხის ქვეშ იყო. აქ ვიდექი, ამ ქალაქში, როდესაც ის რუსული საფრთხის ქვეშ იყო. ისევ აქ ვარ, რადგან თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა“, – განაცხადა მიჰაუ კამინსკიმ, პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროპელი პარლამენტარების ვიზიტი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება და ამ დელეგაციის წევრების ნაწილი წინასაარჩევნო აგიტაციაში იყო ჩართული და საარჩევნო პრინციპებს არღვევდა.

„ამ ვიზიტის სულისკვეთება, სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ პირდაპირ ჰქონდათ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე. ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს, სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ არის შესაბამისი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები აქტიურად საუბრობენ სავარაუდო გაყალბებასა და არჩევნებთან დაკავშირებულ სერიოზულ დარღვევებზე. დასავლეთი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებს ანტიდასავლური რიტორიკისა და ე.წ. აგენტების სადავო კანონის მიღების გამოც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend