მთავარისაქართველოევროპელი კანონმდებლები საქართველოში და გზავნილები დასავლეთიდან

ევროპელი კანონმდებლები საქართველოში და გზავნილები დასავლეთიდან

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას უმასპინძლა.

სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს ჯერ პირისპირ შეხვდა, შემდეგ კი ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მხარეებმა მედიის კითხვებს უპასუხეს.

განხილვის მთავარი საკითხი 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი იყო.

„ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა,” – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განცხადებით, თუკი საქართველოს მთავრობა განაგრძობს ანტიევროპული ნაბიჯების გადადგმას, არ გააუქმებს პროტესტის ფონზე მიღებულ კანონებს და გააგრძელებს ევროკავშირის პრინციპებისთვის ძირის გამოთხრას, ევროკავშირში გაწევრებისკენ საქართველოს პროგრესი შეჩერებული დარჩება.

მიხაილ როთის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს და მისივე განმარტებით, ეს დარღვევები საერთაშორისო გამოძიებას საჭიროებს.

„სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკისა და კანცლერ შოლცის მოწოდებას ამ სერიოზული დარღვევების დამოუკიდებელ გამოძიებასთან დაკავშირებით. თუ ამას ვერ უზრუნველყოფს ქართული გამოძიება, უნდა ჩაერთონ ევროპის კავშირი, ეუთო/ოდირი და სხვა. გამოძიების გარეშე ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნებს ლეგიტიმურად. ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, ინდივიდუალური სანქციების დაწესებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციებსა და ამომრჩევლების დაშინებაზე“, – განაცხადა როთმა.

მისი განმარტებით, ევროკავშირმა ყველა არსებული ინსტრუმენტი უნდა განიხილოს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტაც.

„ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა. ვიცი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ასევე ჩვენთვის. მაგრამ ძალიან სერიოზული სიტუაციაა და ჩვენ მაგიდაზე ყველა ინსტრუმენტი უნდა დავდოთ, რაც ხელთ გვაქვს.

თუკი ამჟამინდელი მთავრობა განაგრძობს ანტიევროპულ ტრაექტორიას, არ გააუქმებს კანონებს, როგორიცაა რუსული „აგენტების კანონი“ და გააგრძელებს ევროკავშირის პრინციპებისთვის ძირის გამოთხრას, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს პროგრესი შეჩერებული დარჩება,“ – აღნიშნა როთმა.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, თბილისში იმყოფებიან ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებიც.

პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრის, მიჰაუ კამინსკის განცხადებით, საქართველოსთვის, პოლონეთისთვის, ლიეტუვისთვის, ლატვიისთვის, უკრაინისა და ესტონეთისთვის ორი გზა არსებობს – „ან ევროპისკენ, ან რუსეთისკენ“.

„როდესაც მმართველი პარტია დღეს გვისვამს კითხვას – რა გაძლევთ უფლებას, რომ აქ იმყოფებოდეთო, გიპასუხებთ – მე აქ ვიყავი პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როცა თბილისი იყო საფრთხეში. ეს ვიზიტი მე დავგეგმე, როგორც სახელმწიფო მდივანმა. ჩვენ აქ ჩამოვედით, როცა თბილისი რუსული შემოტევის პირდაპირ იყო. ამ ქალაქში ვიდექი, როცა რუსული საფრთხე ემუქრებოდა. აქ ვიმყოფები იმიტომ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის წინაშეა. ეს საფრთხე შესაძლოა ტანკებით არ გამოიხატება, თუმცა არანაკლები საფრთხეა რუსული პროპაგანდა. ქართველი ხალხისთვის, ისევე როგორც პოლონელი, ლიეტუველი, ლატვიელი, უკრაინელი და ესტონელი ხალხისთვის ორი გზა არსებობს – ან ევროპისკენ, ან რუსეთი. ამიტომ ვართ აქ“ – განაცხადა მიჰაუ კამინსკიმ.

პრეზიდენტთან პირისპის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენცია, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ევროპელი მეგობრები საქართველოში კრიზისიდან გამოსვლის გზების საპოვნელად ჩამოვიდნენ.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ არანაირი მოულოდნელობა არ იქნება. კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ევროპელ კანონმდებლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა მმართველმა პარტიამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ. დელეგაციის წევრები პრეზიდენტის შემდეგ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend