მთავარიმსოფლიოკავკასიაCOP 29 - კლიმატის კონფერენცია „ცეცხლის მიწაზე”

COP 29 – კლიმატის კონფერენცია „ცეცხლის მიწაზე”

ბაქოში გაეროს კლიმატის საერთაშორისო კონფერენცია COP 29 საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. აქტივისტები მსოფლიოში მიმდინარე ომებთან ერთად აპროტესტებენ ამ კონფერენციის აზერბაიჯანში, ანუ ნავთობისა და გაზის ერთ-ერთ უმსხვილეს მომპოვებელ ქვეყანაში ჩატარების იდეას. აპროტესტებენ იმ ფონზე, როცა იციან, რომ აზერბაიჯანი არც თუ ისე კარგი ადგილია აქციის გასამართად. ქვეყანაში ასობით პოლიტპატიმარია, მათ შორის უფლებადამცველები, ჟურნალისტები და ისინი, ვინც სწორედაც ეკოლოგიურ საკითხებს აპროტესტებდა…

ბაქოში ოფიციალური პირები არ იღებენ აქტივისტების კრიტიკას ნავთობმომპოვებელ ქვეყანაში ამ ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ არალოგიკურია აზერბაიჯანი ნავთობის მოპოვებისთვის გააკრიტიკო მაშინ, როცა მისი ყველაზე დიდი მომხმარებლები ევროპული ქვეყნები არიან.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა დაფინანსებაა. კლიმატის ცვლილების შედეგებთან ბრძოლა ძალიან ძვირია და მსოფლიოს ერთ მესამედს ამისთვის ფული არ აქვს. მდიდარი ქვეყნების ძალისხმევა კი ფასს კარგავს მაშინ, როცა ღარიბ ქვეყნებს არ აქვთ საშუალება, ამ ბრძოლაში მდიდრებს გვერდით დაუდგნენ. ამიტომ, წლევანდელი ღონისძიების მისიაა ასი მილიარდის მოგროვება ღარიბი ქვეყნებისთვის, რომლებიც 2009 წელს დაწესებული კრიტერიუმებით აარჩიეს. თუმცა, ღარიბი ქვეყნების ნაწილსა და ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 100 მილიარდი ამ საქმისთვის ცოტაა და ტრილიონი დოლარია საჭირო.

მყარ გლობალურ თანამშრომლობაზე საუბარი არ არის ადვილი საქმე, როცა წინასწარ არის ცნობილი, რომ ამ კონფერენციას ლიდერის დონეზე არ ესწრება ის, ვინც ამ საქმეში ყველაზე დიდ ფულს იხდის და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. წლევანდელი შეხვედრა არ არის ისეთი წარმომადგენლობითი, როგორიც იყო, მაგალითად, შარშან. წლევანდელ COP-ში მონაწილეობს 48 სახელმწიფო ლიდერით ნაკლები, ვიდრე შარშან. იქ არ იქნებიან ბრაზილიის, ავსტრალიის, ევროკავშირის ქვეყნების დიდი ნაწილის ლიდერები. არ იქნება ლიდერის დონეზე არც ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, იაპონია. არც პუტინი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ რუსეთის ლიდერთან ილჰამ ალიევს მეგობრობა არ შეუწყვეტია. თუმცა, მოსკოვს იზოლაციამდეც არ აღელვებდა დიდად კლიმატის ცვლილება.

სამაგიეროდ, საერთაშორისო იზოლაციის მიუხედავად, წლევანდელ სამიტს არ გამოტოვებენ „თალიბანის” წარმომადგენლები. „როიტერსი” წერს, რომ ისინი დამკვირვებლის სტატუსით მიიწვია მასპინძელმა აზერბაიჯანმა. „თალიბანი” გაეროს წევრების მიერ ოფიციალურად აღიარებული არ არის ავღანეთის ლეგიტიმურ მთავრობად. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც „თალიბანის” მთავრობა გაეროს კლიმატურ კონფერენციას დაესწრება.

ავღანეთის გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ესაუბრება მედიის წარმომადგენლებს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე სამიტზე, ბაქო, აზერბაიჯანი, 11 ნოემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Peter Dejong

COP 29-ის ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობა ლიდერის დონეზეა წარმოდგენილი. ხვალ, 12 ნოემბერს, მთავრობათაშორისი სხდომაც არის დაგეგმილი, სადაც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლებმა მწვანე ენერგეტიკის ექსპორტის ერთობლივ პროექტზე უნდა ილაპარაკონ. როგორც მასპინძელი ქვეყნის პირველი პირი ილჰამ ალიევი ამბობს, მწვანე ენერგიის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირება დღეს აზერბაიჯანული პოლიტიკის პრიორიტეტია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა, ბაქო, აზერბაიჯანი Copyright საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

სანამ ნავთობმომპოვებელ აზერბაიჯანში, რომლის სლოგანიც რამდენიმე წლის წინ LAND OF FIRE, ანუ „ცეცხლის მიწა“ იყო, კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ბიუჯეტს ადგენენ, ჯერ ისევ ხელისუფლების გადაბარების პროცესია იმ სახელმწიფოში, რომელიც რეალურად ამ საქმეში ყველაზე დიდ ფულს იხდიდა. ბაქოში ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ, თუმცა ჯერ ზუსტად მაინც არავინ იცის, გააგრძელებს თუ არა იმავე პოლიტიკას 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც არავისთვის არის დასამალი, რომ არასდროს უყურებდა ასეთი ტიპის პლატფორმებს სერიოზულად.

ავტორი: სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend