მთავარისაქართველო„ჩვენ ვართ ევროპა“ - თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა

„ჩვენ ვართ ევროპა“ – თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა

რუსთაველის გამზირზე ორშაბათს, 11 ნოემბერს, მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ. ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

მათ შეუერთდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ევროკავშირის წევრი რვა სახელმწიფოს საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.

„მოხარულები ვართ, რომ ისევ აქ, თბილისში ვიმყოფებით, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. ვიცი, რომ ზოგიერთს თქვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მთავრობასა და მმართველ პარტიაში, ჩვენი ვიზიტი არ უხარია, მაგრამ ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ. ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობრები ვართ, ევროპის გულში, ეს თქვენი ადგილია, რომელსაც იმსახურებთ. ჩარევაა თქვენი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა? მამაც ქალბატონთან, ევროპის ერთგულ ქალბატონთან, რომელიც თქვენი ქვეყნის მომავლისთვის თქვენთან ერთად იბრძვის? ჩარევაა თქვენთან, ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მებრძოლ ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრა? საქმე ჩარევას არ ეხება, არამედ საერთო მომავალს ერთიან ევროპაში და ჩვენ აქ ამიტომ ვართ“, – ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა პარლამენტის შენობის მიმდებარედ შეკრებილებს.

„ვიღაც ცდილობს, რომ თქვენი თავისუფლება, თქვენი დემოკრატია წაიღოს, თქვენი ქვეყანა, თქვენი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში. იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი დემოკრატიისთვის, თქვენი ქვეყნისთვის. იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და ნატოში და გახსოვდეთ, არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ორბანისეული გზა. არ არსებობს რუსული ოცნება, არსებობს ევროპული ოცნება და თქვენ ამ ევროპის ნაწილი ხართ. არის ესტონეთის გზა, ბალტიის გზა, პოლონური გზა, გერმანული გზა, ფრანგული გზა. თქვენ უნდა იყოთ საუკეთესო იმისთვის, რომ ევროპაში შეხვიდეთ. გეგმა უნდა გქონდეთ. დაგეგმეთ ეს გეგმა. იმუშავეთ ამაზე, რადგან ეს ტყუილად არავის ეძლევა. თავისუფლება უბრალოდ არავის ეძლევა, უნდა დაიმსახუროთ, მძიმე შრომით 24 საათის განმავლობაში და ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ამ გზაზე. თქვენ ხართ ევროპა!“ – მიმართა შეკრებილებს ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ ამგვარი აქციებით სურთ ყველას, განსაკუთრებით ევროპელ ლიდერებს გააგონონ, რომ ქართველ ხალხს ერთიან ევროპულ ოჯახში გაწევრება სურს.

მას შემდეგ, რაც ცესკომ არჩევნების ოფიციალური მონაცემები გამოაცხადა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ეს შედეგი არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას.

მოგვიანებით, მათ წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადეს.

სწორედ ამ მოძრაობის ფარგლებში ყოველ ორშაბათს თბილისში პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები იმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend