მთავარისაქართველოშხამი საბავშვო ოთახში

შხამი საბავშვო ოთახში

10 წლის დანიელის მამა, ნოდარ ტანგიაშვილი იმ მცირემასშტაბიანი კვლევის ინიციატორი და მონაწილეა, რომელმაც 19 ოჯახიდან აღებულ ნიმუშებში, საყოფაცხოვრებო ნივთებში ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტოქსიკური ლითონის – ტყვიის კონცენტრაცია გამოავლინა.

„ბავშვების ოთახებიდან ვიღებდით სათამაშოებს, ბიჟუტერიას, ჭურჭელს, მტვერს, მერე მიგვქონდა ეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში და ვამოწმებდით. აღმოჩნდა, რომ ყოველ მეხუთე ნივთში იყო ტყვია. თითქმის ყველგან აღმოჩნდა ფერადად შეღებილ სათამაშოებში, ასევე საკანცელარიო ნივთებში, რომლებთანაც ბავშვებს ჰქონდათ შეხება, ბიჟუტერიაში, საღებავებსა და სამშენებლო მასალებში”, – ამბობს ნოდარ ტანგიაშვილი.

ტყვია აღმოჩნდა დანიელის კუთვნილ ფერად სათამაშო მანქანებშიც, რომლებიც მშობლებმა მაშინვე გადაყარეს. მაშინ ბავშვის სისხლში ტყვიის მომატებულ მაჩვენებელს მამა სწორედ ამ სათამაშოებს უკავშირებდა.

„იმპორტირება როდესაც ხდება ისეთი ქვეყნებიდან, სადაც არ არის ევროკავშირისა და საერთაშორისო რეგულაციები ძალაში, იქ უმატებენ ფერის მისაცემად ტყვიას და ეს ამ კვლევამ დაადასტურა.

როდესაც ყიდულობ რაღაცას, ქიმიურ პროდუქციას, თუნდაც, ბავშვის სათამაშო იყოს, გასათვალისწინებელია, რომ მას სილამაზისთვის ძალიან ბევრი ნარევი აქვს. ტყვია როგორ აღმოაჩინეს, ხომ გახსოვთ? ამერიკაში  ჩვენს სუნელებში აღმოჩნდა და ამის მერე ატყდა ერთი ამბავი. იმიტომ, რომ ძალიან კარგ, ხასხასა შეფერილობას აძლევს პროდუქციას”, – ამბობს ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია. შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი საუბრობს იმ სახიფათო ზემოქმედებაზე, რომელსაც ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმზე ტყვია ახდენს.

„ბავშვის ორგანიზმი ტყვიას ადვილად ითვისებს და მძიმე მეტალი გროვდება ორგანიზმში. ტყვიის ზემოქმედებით, ბავშვს შეიძლება განუვითარდეს – ნერვული სისტემის, იმუნოლოგიური სისტემის დაზიანება, სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და, რაც მთავარია, შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის მოშლილობა და აღგზნებადობა. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტყვიით გამოწვეული გონებრივი დაზიანებები დაავადებათა ნუსხაში შეიტანა”, – ამბობს ღვინერია.

ევროკავშირის დირექტივის საფუძველზე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველომ 2020 წელს მიიღო ტექნიკური რეგლამენტი, რომლის შესაბამისად, სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლი ახალ უწყებას, ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს დაევალა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში ამ უწყებამ 170 დასახელების სათამაშოს შემოწმება ჩაატარა. მათივე ინფორმაციით, შემოწმებული ნიმუშების 45% ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ქიმიური რისკების დადგენის მიზნით სათამაშოების ზედამხედველობის პროცესი ლაბორატორიულ შემოწმებასაც ითვალისწინებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე სათამაშოების ტყვიით დაბინძურების სულ რამდენიმე შემთხვევაა გამოვლენილი.

„ლაბორატორიული შემოწმება ხდება რისკის ანალიზზე დაყრდნობით. შეიძლება გვქონდეს ინფორმაცია, რომ ესა თუ ის პროდუქტი მაღალი რისკის შემცველია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა მომხმარებელი, მშობელი, რომელიც პირველია, ვინც სათამაშოსგან მომდინარე საფრთხე შეიძლება დაინახოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს შეტყობინების სისტემა. თუკი მომხმარებელი დაინახავს, რომ ესა თუ ის პროდუქტი შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, შეუძლია მოგვმართოს და ამის საფუძველზე ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევა. თუმცა ეს გამონაკლისია. ძირითადად, შემოწმება ხდება დაგეგმვით, რომლისთვისაც გამოიყენება ჩვენივე ზედამხედველობის შედეგები, შესაძლო საფრთხეებზე ინფორმაცია, რომელიც საერთაშორისო სისტემებშია მოძიებული. ამ მიდგომით შევარჩიეთ ის პროდუქტები, რომლებსაც დღემდე ვამოწმებთ და ჩვენს გვერდზეა გამოქვეყნებული”,- ამბობს ევრონიუს ჯორჯიასთან ნიკო ფილფანი, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენელი.

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებულ პროდუქტებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება ე.წ ტყლარწები, რომლებიც, უწყებისავე ცნობით, ქიმიური საფრთხის გამო ბაზრიდან უკვე ამოიღეს. როგორც სააგენტოში გვითხრეს, 2024 წელს 120-მდე სახეობის სათამაშო აქვთ შემოწმებული. დარღვევები წელს ნიმუშების 35 პროცენტში გამოვლინდა.

„მიზნობრივი შემოწმებები გვაქვს სამიზნე ჯგუფებზე – ასეთებია, მაგალითად, ბუშტები და ტყლარწები. ტყლარწებზე მუდმივად გვქონდა ბორის შემცველობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში  რეპროდუქციული ჯანმრთელობის მოშლა. ასევე დავადგინეთ, რომ ბუშტები ნიტროზამინების საკმაოდ მაღალ მოცულობას შეიცავს. ეს არის კანცეროგენური ნივთიერებები, ერთეული შემთხვევები გვქონდა ტყვიის შემცველობისაც, თუმცა არა იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ნიტროზამინები და ბორი იყო გამოვლენილი.

წინა წელთან შედარებით შეუსაბამობების მაჩვენებელი გარკვეულწილად გაუმჯობესებულია. ცხადია, არც 35 პროცენტია იდეალური შედეგი, თუმცა ის, რომ ზედამხედველობას თავისი შედეგები მოაქვს, დასტურდება ამ მონაცემებითაც, წლიდან წლამდე ეს შედეგები უმჯობესდება”, – ამბობს ფილფანი.

„სახელმწიფო ნაკლებ ყურადღებას აქცევს სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლს, ეს კონტროლიც რაც ხდება, ზედაპირულია, ფორმალური ხასიათი აქვს და უფრო იმიტომ ხდება, რომ ასოცირების შეთანხმების ანგარიშებში დაიწეროს, რომ რაღაც კონტროლი მოქმედებს. წელს აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს აუდიტი და ძალიან ცუდი შედეგები გამოვლინდა, ფაქტობრივად, სრულიად უსუსურია ეს უწყება, რომ რაიმე კონტროლი განახორციელოს”, – ამბობს ვახტანგ კობალაძე „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” პროგრამის კოორდინატორი.

„სააგენტოს არ გააჩნია რაიმე სახის ინსტრუქცია ან მეთოდოლოგია ბაზარზე ზედამხედველობის დასაგეგმად და განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის კატეგორიების, მათი შეგროვების, დამუშავების და გამოყენების შესახებ…

სააგენტო არ გეგმავს ყველა საზედამხედველო პროდუქტის რეგულარულ ლაბორატორიულ შემოწმებებს და არ აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას მომავალში ამ ტიპის შემოწმებების გააქტიურებასთან დაკავშირებით”,  ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” ის ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის სამომხმარებლო პროდუქტის კვლევას წლების განმავლობაში ევროპის აკრედიტებულ ლაბორატორიებში ატარებდა. მათი ინფორმაციით, საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში  ზოგიერთი ნივთიერების კვლევას ტექნიკური რეგლამენტი საერთოდ არ ითვალისწინებს.

„არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეფექტიანად იმუშაოს ამ უწყებამ – მისი ზედამხედველი ორგანოები კი არაფერს აკეთებენ, ზედამხედველობისთვის. არ არის შიდა პროცედურები გაწერილი, საზღვარზეც არ მოწმდება სათანადოდ ყველაფერი, რაც ექვემდებარება კონტროლს, ქვეყნის შიგნით კი იმდენად მცირე რაოდენობა მოწმდება ნიმუშების, რომ არსებითად ეს ბაზრის კონტროლს არ ნიშნავს”, – ამბობს კობალაძე.

2017-21 წლებში კოსმეტიკაში, ბიჟუტერიაში, ბავშვის სათამაშოებში და სხვა სამომხმარებლო ნივთებში „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების ათეულობით შემთხვევა გამოავლინა.

„ერთადერთი რჩევა მომხმარებლის მიმართ ის არის, რომ თუკი ესა თუ ის ონლაინმაღაზია არ არის რეგისტრირებული ევროკავშირის ან დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, სანდოობა, რომ მის მიერ მოწოდებული პროდუქცია იქნება უსაფრთხო, გაცილებით ნაკლებია – ეს უნდა გაითვალისწინონ”, – ამბობს კობალაძე

„პროდუქტების უსაფრთხოება ზოგადად არის ძალიან დაბალ დონეზე საქართველოში, უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი არის საშიში ნივთიერებებით მძიმე მეტალებით გაჯერებული, რომლებიც შემოდის აზიის ისეთი ქვეყნებიდან, სადაც არის იაფი წარმოება, არ არის სტანდარტები, ამის მასობრივად შემოსვლა ხდება ბაზრობებზე, ონლაინგამოწერებით, ამიტომ ეს უსაფრთხოების დირექტივები უნდა იყოს ყოვლისმომცველი და არა ცალკ-ცალკე ყველაფერზე”, – გვეუბნება მკვლევარი ნოდარ ტანგიაშვილი.

სახიფათო სათამაშოების გადაყრის შემდეგ ტანგიაშვილმა ტყვიის დონე ბავშვის სისხლში ერთხელ კიდევ გადაამოწმა.

„შევამოწმე და შემცირებული იყო. საბედნიეროდ, როდესაც წყაროს მოშორდები, დროთა განმავლობაში ტყვიის დონე იკლებს და მას ახასიათებს შემცირება. უბრალოდ, ეს ერთხელ გადავამოწმე მხოლოდ. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ნამდვილად არ მაქვს იმის ფინანსური რესურსი, რომ სისტემატურად ვატარო კვლევები, საკმაოდ ძვირია კვლევა. ძალიან დაუცველები ვართ. გარემო, როგორც შიდა, ასევე გარე ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია”, – ამბობს ნოდარ ტანგიაშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:52

მარკო რუბიო

spot_imgspot_img
Send this to a friend