მთავარიმსოფლიო„ნებისმიერ ქვეყანას უნდა ესმოდეს, რომ მტაცებლები ყოველთვის მეტს და მეტს მოითხოვენ“ -...

„ნებისმიერ ქვეყანას უნდა ესმოდეს, რომ მტაცებლები ყოველთვის მეტს და მეტს მოითხოვენ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

იმ დროს, როდესაც ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მიმდინარეობდა, კრემლის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები – ოდესა და ხარკივი კვლავ დაბომბა. საავიაციო იერიშის შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულებიც. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სკოლები.

ბუდაპეშტში კი ლიდერების მსჯელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ბედი იყო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჯერ იყო და მშვიდობის წინაპირობებზე საუბრობდა: „ყოველთვის მშვიდობის წინაპირობა კომუნიკაციაა. ესაა ლოგიკა. კომუნიკაციის წინაპირობის შექმნას კი სჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. ამიტომ მე მხარს ვუჭერ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ომში ჩაბმულ  მხარეებს მისცემს შესაძლებლობას და დროს, დაუკავშირდნენ და დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები“.

შემდეგ კი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამერიკელები უკრაინაში მიმდინარე ომიდან  გასვლას აპირებენ.  „სიტუაცია ფრონტზე აშკარაა, ეს სამხედრო მარცხია. ამერიკელები ამ ომიდან გამოსვლას აპირებენ, ისინი ომს აღარ წაახალისებენ და არ იტყვიან, რომ ომი კარგია. ხალხი ტრამპზე ბევრ რამეს ამბობს. მათ შორის ისინიც, ვისაც ის არ მოსწონს, თუმცა არის ერთი რამ,  რაზეც ყველა თანხმდება: ის არ იწყებს ომს“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ბუდაპეშტის სამიტს ესწრებოდა, ასეთი რიტორიკით კმაყოფილი არ არის.

„ლიდერი, რომელიც სთავაზობს უკრაინას ზავს და, ამავდროულად, ეწინააღმდეგება უსაფრთხოების გარანტიებს, უბრალოდ მოსაუბრეა… ნება მიბოძეთ, ხაზგასმით აღვნიშნო, ეს ომი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უკრაინა მადლობას უხდის პარტნიორებს დახმარებისთვის. ჩვენ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად ვართ, მზად ვართ იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს უკრაინაში. მაგრამ უკრაინის გადასაწყვეტია, რა უნდა, ან რა არ უნდა იყოს დღის წესრიგში ომის დასასრულებლად. ომის დასრულების გეგმა უნდა გაუგზავნოთ რუსეთს და არა უკრაინას, რათა რუსეთმა ვეღარ შეძლოს, თავისი ყალბი პრეტენზიები წაუყენოს გარშემო ყველას, ბალტიის ქვეყნებიდან დაწყებული ბალკანეთით დამთავრებული. ნებისმიერ ქვეყანას, ნებისმიერ ლიდერს, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და ამ მაგიდასთანაა, უნდა ესმოდეს, რომ მტაცებლები ყოველთვის უფრო  მეტს ითხოვენ“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ახლა თეთრ სახლში უფლებამოსილების გადაცემის პროცესია. შესაბამისად, თუ როგორ აპირებს ტრამპი 24 საათში ომის დასრულებას, გაურკვეველია. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია უფლებამოსილების გადაბარებამდე აპირებს დამტკიცებული და ჯერ კიდევ გასაგზავნი სამხედრო დახმარების კიევისთვის დაჩქარებული წესით მიწოდებას.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა 7 ნოემბერს განაცხადა: „სახელმწიფო მდივანი  სანამ თანამდებობაზეა, ეცდება,  ხელშესახები პროგრესი მიაღწიოს სხვადასხვა კრიტიკულ საკითხში, გააძლიეროს ჩვენი მუშაობა თავისუფალი, ღია, აყვავებული ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის შესანარჩუნებლად და უზრუნველყოს ჩინეთთან კონკურენციაში წარმატება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს.  ასევე დასრულდეს ლიბანსა და ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები“.

აშშ-ის ძალოვანი უწყების პრესსამსახურში კი უკრაინის საკითხის ორპარტიულ მხარდაჭერაზე საუბრობენ.

„უკრაინას კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ვგულისხმობ, რომ რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა ხმითა და ფინანსებით აიღეს ვალდებულებები უკრაინის წინაშე. ასე რომ, არის ახალი გუნდი, რომელსაც კონგრესთან მუშაობა მოუწევს. კონგრესში კი არის თანხმობა უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად. თუმცა, უნდა შეგახსენოთ, რომ მხოლოდ შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს უკრაინას. მთელი მსოფლიო გვერდით უდგას უკრაინას“, – ამბობს საბრინა სინგხი, პენტაგონის პრესმდივნის მოადგილე.

მსოფლიო აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის გეგმას ელოდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend