მთავარიევროპაგერმანია35 წლის წინ ბერლინის კედელი დაინგრა

35 წლის წინ ბერლინის კედელი დაინგრა

35 წლის წინ ბერლინის კედელი დაინგრა და გერმანია, რომელიც თითქმის სამი ათწლეული ორ ნაწილად იყოფოდა, გაერთიანდა. დაინგრა ბარიერი, რომელიც კომუნისტურმა რეჟიმმა იმისთვის ააშენა, რომ აღმოსავლეთი გერმანია დასავლეთის ე.წ. იდეოლოგიური დაბინძურებისგან დაეცვა.

წელს 9 ნოემბერი გერმანიის დედაქალაქში არტ-ინსტალაციით აღინიშნება. იქ, სადაც ადრე რკინის ფარდის ფიზიკური სიმბოლო იდგა, წელს გამოიფინა გზავნილები, რომლებიც ერთობასა და თავისუფლებას უკავშირდება.

1945 წელს იალტის შეთანხმებით მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა მოკავშირეებმა გერმანია ოთხ საოკუპაციო ზონად დაყვეს. შეთანხმებით ოთხ ზონად დაიყო გერმანიის დედაქალაქიც. ქალაქის დასავლეთ ნაწილს მოკავშირეები – დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები აკონტროლებდნენ. საბჭოთა კავშირის კონტროლქვეშ კი ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილი აღმოჩნდა.

ბერლინის ორად გაყოფის შემდეგ მილიონობით გერმანელი საიმიგრაციო შეზღუდვების გვერდის ავლით ქალაქის დასავლეთ ნაწილში გადადიოდა, რაც ბუნებრივია, საბჭოთა კავშირს არ მოსწონდა.

სკოლის მოსწავლეებს ხელში უჭირავთ ბერლინის კედლის ნაწილები, რომლებიც ბრანდენბურგის კარიბჭესთან იპოვეს, ბერლინი, 10 ნოემბერი, 1989 წელი Copyright AP Photo/Udo Weitz

1961 წლის 13 აგვისტოს კედლის მშენებლობა დაიწყო. ამ დღეს აღმოსავლეთ გერმანიის ჯარისკაცებმა მავთულხლართების გაჭიმვა და ბეტონის კონსტრუქციების დადგმა დაიწყეს. როგორც კომუნისტური რეჟიმი ამბობდა, ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ ფაშისტებისთვის აღმოსავლით ბერლინში შესვლის საშუალება არ მიეცათ.

გერმანელთა ნაწილი დასავლეთში გაქცევას მიწისქვეშა გვირაბებითა და საცხოვრებელი სახლების ფანჯრებიდან გადახტომითაც კი ცდილობდა.

1980-იანი წლების ბოლოს, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მოსკოვისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით მასშტაბური დემონსტრაციები იმართებოდა, პროტესტი აღმოსავლეთ გერმანიასაც მოედო.

1989 წლის 9 ნოემბერს საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად გერმანიის კომუნისტურმა მთავრობამ გადაწყვიტა მოქალაქეებისთვის დასავლეთში გადასვლის საშუალება მიეცა. იმ დღეს ბერლინში აღმართული კედლის ორივე მხარეს უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

კედელი დაინგრა. ერთი წლის შემდეგ 1990 წელს აღმოსავლეთი გერმანია დასავლეთ გერმანიას შეუერთდა, თუმცა, როგორც ჩანს, რკინის ფარდა არ ჩამოშლილა. ბერლინის კედლის დანგრევიდან 35 წლის შემდეგ გერმანიის დედაქალაქიდან ათას კილომეტრში, ევროპის აღმოსავლეთ საზღვართან ახალი კედლები შენდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:52

მარკო რუბიო

spot_imgspot_img
Send this to a friend