ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა საზოგადოებას ამერიკული აუდიტორული კომპანიის Pro V&V-ის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მესამე, ბოლო ეტაპის ანგარიში გააცნო.
დასკვნის თანახმად, ამერიკულ აუდიტორულ კომპანიას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ხარვეზები არ აღმოუჩენია და არც კითხვის ნიშნები აქვს. ასევე, Pro V&V-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ცესკომ წარმატებით უზრუნველყო პროცედურული საკითხები, ელექტრონული სისტემისთვის პერსონალის გადამზადება, რითაც ამომრჩეველს მიეცა საშუალება, საკუთარი პოლიტიკური პოზიცია თავისუფლად დაეფიქსირებინა.
„დასკვნაში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიმდინარეობისას შემოწმდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები და ტაბლეტ-კომპიუტერები. Pro V&V დააკვირდა არჩევნების პროცესს, კერძოდ, უბნების კომისიის წევრებს უბნის ტექნიკურ პერსონალს, რომელიც პასუხისმგებელი იყო აპარატების ტექნიკურ მხარდაჭერაზე, ასევე, თავად ამომრჩევლებს. საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის შედეგად დადგინდა, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შეესაბამება აპარატში ჩატვირთულ სიებს, ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი. ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.
ცესკოს თანახმად, Pro V&V-ის სამივე ანგარიში საჯაროა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.