მთავარისაქართველოთბილისის სააპელაციო სასამართლომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლოს სხდომა, რომელიც თითქმის 22 საათი უწყვეტად მიმდინარეობდა, დასრულებულია. გადაწყვეტილება მიღებულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები ხმის ფარულობის დარღვევაზე არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სააპელაციო საჩივარი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

მოსამართლეთა კოლეგია, რომელსაც დავით ახალბედაშვილი თავმჯდომარეობდა, და რომლის წევრიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ე. წ. სასამართლო კლანის ნაწილად მიჩნეული დიმიტრი გვრიტიშვილიც იყო, სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კოალიცია “ჩემი ხმის” სარჩელებს ერთიანად განიხილავდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გარკვეულ უბნებზე ბიულეტენების ხელახლა გადათვლას, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი – ხმის ფარულობის დარღვევის გამო ყველა ელექტრონული უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვდა.

საარჩევნო კომისია მოითხოვდა, გაუქმებულიყო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება წალკისა და თეთრიწყაროს ელექტრონულ უბნებზე არჩევნების ხელახლა ჩატარების თაობაზე.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, კოლეგიის თავმჯდომარეს არ განუმარტავს, რას ეყრდნობოდა გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასამართლომ სასამართლომ მიიღო.

„სასამართლო იმასაც კი არ შეეცადა, რომ ფორმალურად პატივი ეცა დარბაზში მყოფი ხალხისთვის და ორი სიტყვა მაინც ეთქვა იმაზე, თუ რატომ აუქმებდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და რატომ არ აკმაყოფილებდა ჩვენს საჩივრებს. მათ არაფერ თქვეს. უბრალოდ პროცედურული ნორმები დაასახელეს და თქვეს, რომ ჩვენი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, და უნდა დაკმაყოფილდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოთხოვნა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვიკვირს ის, რაც აქ მოხდა. პირიქით, ის გაგვიკვირდა, რომ ამ სისტემაში აღმოჩნდა ერთი მოსამართლე, რომელმაც გაბედა და ამ საქმეს თავისი სახელი დაარქვა“, – აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.

„მოსამართლეებმა პრაქტიკულად, არ ჩაგვთვალეს ღირსად, ეთქვათ თავიანთი მოტივაცია, მას შემდეგ, რაც შაბლონური გადაწყვეტილება გამოაცხადეს. მით უმეტეს, როცა ერთადერთი სწორი, თეთრიწყაროს გადაწყვეტილება აბსურდული, წარმოუდგენელი საფუძვლით გააუქმეს. მეუღლის პოსტი – ერთადერთი მტკიცებულება საქმეში, რომლის გამოც გაუქმდა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან, რაღაც აბსურდული საფუძვლით გააუქმეს მთავარი ექსპერიმენტი, რომლითაც სასამართლომ დაინახა, რომ ხმის ფარულობა დარღვეული იყო“, – ამბობს თეონა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მთავარი იურისტი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი კი ამბობს, რომ პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესში ფარულობა დაცული იყო.

„როგორც ახლა, ისე სხვა დროსაც, დასტურდებოდა და დასტურდება, რომ ჩარჩო კონვერტის გამოყენებით ფარულობა ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის პროცესში სრულად უზრუნველყოფილი იყო. პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისასაც ჩვენ მივუთითებდით ფარულობის პრინციპის დაცვაზე და სააპელაციო სასამართლოში მივუთითებდით იმაზე, რომ პირველ ინსტანციაში შესაძლოა ყოფილიყო მოსამართლის აცილებისა თუ თვითაცილების საფუძველი“, – ამბობს გიორგი სანტურიანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უძღოდა.

საჩივრები ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ სასამართლომ არც ქუთაისში დააკმაყოფილა. სხდომაზე ერთ-ერთი მოსარჩელე ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა მოსამართლე შორთა სირაძის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მამის აცილება მოითხოვა, თუმცა კოლეგიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ დაკმაყოფილდა ის შუამდგომლობებიც, რომლებიც სასამართლო განხილვაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მესამე მხარედ ჩართვას, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნების არჩევას, ბიულეტენების გახსნას და ფარულობის პრინციპის დარღვევის დადგენას ეხებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend