მთავარისაქართველოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მიმდინარეობს.

სამიტის მონაწილე 40-მდე სახელმწიფოს მეთაურებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მასპინძლობს. დღესვე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა, ასევე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განხილვა ევროპელ ლიდერებთან.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მეხუთედ ტარდება და ის მხოლოდ ერთდღიანია. სამიტის ფარგლებშიც რამდენიმე პანელური დისკუსიაა დაგეგმილი. მათ შორის ერთ-ერთი შეეხება ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხს, სადაც მონაწილეობას სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მიიღებს.

„განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ეს ღონისძიება ბუდაპეშტში, უნგრეთის მასპინძლობით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე ტარდება. მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვექნება შესაძლებლობა, ევროპელ ლიდერებთან გავისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რაც არის საინტერესო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით. მათ შორის, საუბარი გვექნება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ვისაუბრებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის გარდა, ქართული დელეგაციიდან ბუდაპეშტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი არიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend