მთავარისაქართველო„ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა” - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

„ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა” – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

ხმის მიცემის ფარულობის სავარაუდო დარღვევისა და სხვა სავარაუდო კანონდარღვევების შესახებ 23 საოლქო სასამართლოში შეტანილი სარჩელებიდან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა. თეთრიწყაროს მოსამართლემ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი, რომელიც ხმის ფარულობის უფლების დარღვევას ეხებოდა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სასამართლო სხდომაზე ექსპერიმენტით დაადგინა ხმის ფარულობის დარღვევის რამდენიმე ფაქტი. შედეგად, მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნისა და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი.

საიას დირექტორი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ეს არის პრეცედენტული საქმე, როდესაც ერთმა მოსამართლემ არსებული სასამართლო სისტემის პირობებშიც კი შეძლო სიმართლის დადგენა. მისი თქმით, სასამართლოსთვის საკმარისი მტკიცებულებებია იმისთვის, რომ ხმის ფარულობის დადგენის საფუძველზე გაუქმდეს საარჩევნო უბნების შედეგები და კენჭისყრა თავიდან ჩატარდეს.

„საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს გამოჟონილი მარკერის კვალი, იძლევა იმის აღქმისა და დადგენის საშუალებას, კონკრეტულად ვის დაუჭირა, ან არ დაუჭირა მხარი ამომრჩეველმა. ეს არის ხმის ფარულობის კონსტიტუციურად გარანტირებული პრინციპის პირდაპირი დარღვევა. თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება არსებული სასამართლო სისტემის ფონზე არის, რა თქმა უნდა, პრეცედენტული. უმნიშვნელოვანესია არა იმიტომ, რომ მოსამართლეს საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა, არამედ ამას სჭირდება მოსამართლის ნამდვილი ფუნქციის შესრულება და გამბედაობა. დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას ნამდვილად სჭირდებოდა დიდი გამბედაობა, რომელიც ამ მოსამართლემ გამოიჩინა. მან მტკიცებულებები ადგილზე მოიპოვა, სხდომათა დარბაზში, რითაც გამყარდა ჩვენი სარჩელი. ეს იწვევს არსებული შედეგების გაუქმებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველს“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას შედეგების გაუქმების შესახებ. ცესკომ უკვე გაასაჩივრა გადაწყვეტილებები სააპელაციო სასამართლოში.

„საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნისა და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი.

საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ზემოაღნიშნული საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციების სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავასთან.

შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. საოლქო საარჩევნო კომისიები კანონმდებლობით დადგენილი წესით წარადგენენ სააპელაციო საჩივრებს.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ხმის ფარულობას უზრუნველყოფს სპეციალური ჩარჩო ფორმა, ინსტრუქციის შესაბამისად, რომლის გამოყენებაც გამორიცხავს ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებას. ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალის არსებობის შემთხვევა ჩარჩო ფორმის დანიშნულების გათვალისწინებით ვერ ჩაითვლება ნების იდენტიფიცირებად. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კენჭისყრისა და მომდევნო დღეს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 7 საჩივარი წარმოადგინეს და არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში არ არის საუბარი დადასტურებულად არჩევანის ფარულობის დარღვევაზე“,- აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას პოლიტიკოსებიც განიხილავენ. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ერთმა მოსამართლემ სისტემა ამხილა, რისი უარყოფაც არგუმენტირებულად, მათი განცხადებით, ზედა სასამართლო ინსტანციებს გაუჭირდებათ.

ერთი მოსამართლის გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მსგავსი სახის საჩივრებზე მმართველ პარტიაში უპირისპირებენ დანარჩენი 22 მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელთაც საჩივრების მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 23 მოსამართლიდან ერთის მიერ მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილება იმის მთქმელი არ არის, რომ არჩევნები დარღვევით ჩატარდა.

საქმეს ახლა სააპელაციო სასამართლო განიხილავს, რომელმაც უნდა დაადგინოს, შეცდა თუ მართალია მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, შესაბამისად, დაირღვა თუ არა არჩევნებზე მოქალაქის ხმის მიცემის ფარულობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend