მთავარისაქართველოოპოზიცია ამბობს, რომ ახლა მთავარი წინააღმდეგობის მოძრაობაა, რომელიც მთელ ქვეყანაში იქნება

ოპოზიცია ამბობს, რომ ახლა მთავარი წინააღმდეგობის მოძრაობაა, რომელიც მთელ ქვეყანაში იქნება

4 ნოემბერს თბილისის ქუჩებში გამართული საპროტესტო აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა.

დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ გადაინაცვლეს და იუსტიციის სახლთან საავტომობილო გზა გადაკეტეს. პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მსვლელობას  „გამაფრთხილებელი პიკეტირება“ უწოდა.

„უნდა მიხვდნენ, რომ ეს ქვეყანა და ეს ქალაქი თითოეული თქვენგანისაა. არათუ ხმას, საერთოდ ვერაფერს ვერ მოგვპარავენ. მითუმეტეს, სამშობლოს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრანტები ამბობენ, რომ  აქციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისთვის.

„ახლა მომავალი მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამოვიდეს, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი და რუსეთში ასე თავდახრით არ შევიდეთ. ჩემი აზრით,  დღეს თითოეული ქართველის მიზანი ეს არის,“ – ამბობს აქციის მონაწილე ქეთი ბლუიშვილი.

რუსთაველზე გამართულ აქციაზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა გააცნო. გეგმის პირველი პუნქტი გულისხმობს, რომ მათ საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა  აუხსნან და დაუმტკიცონ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა. მეორე პუნქტის მიხედვით, არჩევნები არ უნდა იქნეს აღიარებული არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დონეზე. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით,  ყველაზე მთავარი არის წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც მთელ ქვეყანაში იქნება.

„ეს, მხოლოდ ჩვენი კი არა, ყველას გასაკეთებელია, თქვენი გასაკეთებელი. თქვენ, ვინც ახლა აქ დგახართ, ხართ ამ ქვეყანაში თავისუფლების ბოლო ბასტიონი. ამის იქით არაფერი აღარ არის. თქვენ უკან აღარავინაა. მხოლოდ თქვენ ხართ. ჩვენ ეს  ერთად უნდა გავაკეთოთ. მოგვიწევს ბრძოლა, ქუჩაში ბრძოლა. ამისთვის იყავით მზად. მეორედ არავინ არ დავიბადებით ამ ქვეყანაზე“, – განაცხადა კოალიციის  „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, აქციები ყოველდღე გაიმართება.  ისინი არ აპირებენ, არალეგიტიმურ პარლამენტს შეკრების უფლება მისცენ. ოპოზიციონერები, აქციების პარალელურად, სამართლებრივი გზებითაც გეგმავენ ბრძოლის გაგრძელებას.

„არჩევნების შედეგებს ვასაჩივრებთ. დღეს სასამართლოშიც ვიყავი. როგორც მოსალოდნელი იყო,  „ქართულმა ოცნებამ“ უარი გვითხრა სიებისა და   ყუთების გახსნაზე.   საელჩოებთან მუშაობის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური პროტესტი, ჩვენი ბრაზისა და უკმაყოფილების გამოხატვა.  ეს იქნება სხვადასხვა ფორმით, რადგან ქართველი ერის ნამდვილი არჩევანი  უნდა იყოს გამოხატული“, – ამბობს ანა დოლიძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend