მთავარიევროპამოლდოვამაია სანდუმ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა

მაია სანდუმ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროევროპულმა კანდიდატმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. იგი მეორე ვადით იქნება ქვეყნის პრეზიდენტი.

ხმათა 98.95%-ის დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ მაია სანდუ 55.03%-ით ლიდერობს, რაც 167 000 ხმით მეტია პრორუსი ალექსანდრ სტოიანოგლოს მიერ მიღებულ ხმებზე (44.97%). დასათვლელი დარჩა 40 700 ხმა.

ამომრჩეველთა აქტივობამ 54%-ს გადააჭარბა. ხმის მიცემის პროცესში მილიონ 700 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული აქტივობა იყო დიასპორაში. საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მოლდოვის 300 000 მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა, რამაც არჩევნების მეორე ტურის ბედი გადაწყვიტა, რადგან ქვეყნის შიგნით ალექსანდრ სტოიანოგლომ თითქმის 85 000 ხმით მეტი მიიღო.

მაია სანდუმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ემიგრანტებსა და კიშინეუს მოსახლეობას, სადაც მან ხმათა 57% მიიღო. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურში ახალგაზრდების რეკორდული აქტივობა იყო.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით კი – კიშინეუს მოსახლეობას. აგრეთვე, მადლობას ვუხდი ახალგაზრდებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს. მათ უპრეცედენტო მობილიზაცია აჩვენეს“, – აცხადებს მაია სანდუ.

„მოლდოვა, ბოლო პერიოდში უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ იყო. ხშირი იყო ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები, ბინძური ფული, პროცესში ჩართული იყვნენ საზღვრებს გარეთ მოქმედი მტრული ძალები და კრიმინალური დაჯგუფებები, ისინი დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და აშინებდნენ ჩვენს საზოგადოებას. თუმცა ხალხი გაერთიანდა, შესაბამისად, გაიმარჯვა თავისუფლებამ“, – ამბობს მაია სანდუ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პლატფორმა X-ზე მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომლებიც ამ არჩევნებს ახლდა თან, განსაკუთრებული ძალა სჭირდება.

მაია სანდუმ განაცხადა, რომ საზოგადოების მოთხოვნით, სასამართლო რეფორმას სწრაფად გაატარებს. მისი თქმით, მზადდება სხვა სამთავრობო ცვლილებებიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend