უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ უქმეებზე რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 96 დრონი გაუშვა, რომელთაგან 66 ჩამოაგდეს.
კიევი, სუმი, ჩერნიჰივი და ხარკივი 10 დაზარალებულ რეგიონს შორისაა. კიევში თავდასხმების შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
კვირას კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დონეცკის რეგიონში დაიკავეს სოფელი ვიშნევე, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ პოკროვსკთან ახლოს მდებარეობს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთმა გასული კვირის განმავლობაში 900-ზე მეტი ბომბითა და ირანული წარმოების „შაჰედის“ ტიპის 500-ამდე დრონით მიიტანა იერიში უკრაინაზე.
ამავდროულად, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვოლგოგრადის, ბელგოროდისა და როსტოვის რეგიონებში 19 უკრაინული დრონი გაანადგურეს.