დღეს, ოთხ ნოემბერს ევროპარლამენტში ევროკომისრებს მოუსმენენ, მათ ევროპარლამენტარების შეკითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა. კომისრებმა ევროპარლამენტარები უნდა დაარწმუნონ, რომ აქვთ შესაბამისი გამოცდილება.
„მომდევნო კვირების განმავლობაში ყველა კომისარს სამსაათიანი შეხვედრა ექნება. კომისარს 15 წუთი ექნება საკუთარი პროგრამის პრეზენტაციისთვის. აგრეთვე, სხვადასხვა კომიტეტი მათ შეკითხვებს დაუსვამს, რომელთა შესახებაც დებატების გამართვა შეეძლებათ. ამის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარეები და სხვადასხვა ჯგუფის პრეზიდენტები გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა იგი ამ თანამდებობაზე“, – ამბობს ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი, ხავიერ კარბონელი.
იმ შემთხვევაში, თუ კომისრის დანიშვნაზე ევროპარლამენტი უარს იტყვის, იმავე ქვეყანას სხვა კომისრის წარდგენა და პროცესის ხელახლა დაწყება შეუძლია.
2019 წელს ევროპარლამენტმა უარი თქვა უნგრელი კონსერვატორის, ლასლო ტროჩანისა და რუმინელი სოციალისტის, როვანა პლუმიუს დანიშვნაზე. აგრეთვე, არ დაამტკიცეს ფრანგი სილვი გულარი, რადგან ეჭვობდნენ, რომ ის დამოუკიდებლად არ მოქმედებდა.
ამჟამად, „ევროპელი პატრიოტებისა“ და „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ კანდიდატების არჩევა სავარაუდოდ, უფრო რთული იქნება.
„ჩემი აზრით, იტალიელ კანდიდატს რაფაელ ფიტოს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ჯორჯია მელონის ულტრამემარჯვენე პარტიის წევრია“, – აცხადებს ევროპული პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის მკვლევარი, სოფია რუსაკი.
კიდევ ერთი კანდიდატი, რომლის გარშემოც დიდი დისკუსიაა გამართული, უნგრელი ოლივერ ვარჰეია. ის მოქმედი კომისარია და მეორე ვადით დარჩენა სურს. კომისრების დანიშვნის პროცესი პოლიტიკური საკითხია. შესაბამისად, აქ პოლიტიკური ჯგუფები გარიგებებს არ ერიდებიან.
“ევროპარლამენტარები შესაძლოა უფრო რბილად მოეპყრონ თავიანთ კანდიდატებს. ისინი ცდილობენ რთული და ჩამჭრელი შეკითხვები არ დაუსვან კომისრებს, რათა საფრთხე არ შეუქმნან თავიანთ და მოკავშირე პოლიტიკურ პარტიებს“, – ამბობს ევროპული პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის მკვლევარი, სოფია რუსაკი.
ტრადიციულად, ყველაზე რთულ შეკითხვებს ე.წ. „მწვანეები“ და „მემარცხენეები“ სვამენ, რომლებსაც საკუთარი კანდიდატები არ ჰყავთ და, შესაბამისად, დასაკარგიც არაფერი აქვთ.