ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატები გასულ უქმეებზე ამომრჩევლებს შეხვდნენ.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ის ერთადერთი კანდიდატია ვისაც ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის გადარჩენა შეუძლია.
„დღეს მე აქ ერთი გზავნილით მოვედი. სამშაბათს თქვენგან მიღებული ხმებით, მე ინფლაციას დავასრულებ. შევაჩერებ ჩვენს ქვეყანაში კრიმინალების მასშტაბურ შემოსვლას. და დავაბრუნებ ამერიკულ ოცნებას. ჩვენ ამერიკული ოცნება აღარ გვაქვს. გვქონდა. მაგრამ აღარ გვაქვს. ასევე ოთხი წლის წინ ჩვენ გვქონდა ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. სულ ეს არის რაც უნდა იცოდეთ. კამალამ ეს ყველაფერი დაამსხვრია. თუმცა ჩვენ ამას აღვადგენთ. მე გამოვასწორებ.
შესაბამისად, დღეს მე ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომელსაც შეუძლია ჩვენი ეკონომიკა გადაარჩინოს. რაც მოხდა, ეს ძალიან ცუდი რამაა. განადგურებიდან, ჩვენ დავაბრუნებთ სიძლიერეს, კეთილდღეობას და სიდიადეს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატი კამალა ჰარისი ამომრჩეველს მიჩიგანში შეხვდა. მისი განცხადებით, ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები მოდის.
„ამ არჩევნებზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა საბოლოოდ დავივიწყოთ შიშით და განხეთქილებებით მამოძრავებელი პოლიტიკის ათწლეული. ჩვენ ამით დავიღალეთ. თქვენ ყველამ იცით, ჩვენი სათქმელი. ჩვენ უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ, რადგან ჩვენ მომავლისთვის ვიბრძვით. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, მათ შორის ფუნდამენტური თავისუფლებისთვის. რომ ქალმა თავის სხეულზე გადაწყვეტილება თავად მიიღოს და მას მთავრობა არ ეუბნებოდეს თუ რა უნდა გააკეთოს. ხოლო როდესაც კონგრესი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს კანონპროექტს რეპროდუქციული თავისუფლების აღდგენის შესახებ, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე ამ კანონს ამაყად მოვაწერ ხელს“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.